კრემლის პროპაგანდა და საქართველოს ნეიტრალიტეტი: როგორ ყალიბდება ახალი პრორუსული პოლიტიკური პროექტი
საქართველოს ნეიტრალიტეტი
“ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური 11-12 დეკემბერს აშხაბადს ესტუმრა, სადაც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.
მასთან ერთად, ღონისძიებას დაესწრნენ ვლადიმირ პუტინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და სხვა ავტორიტარი ლიდერები. ფოტოზე, რომელიც ღონისძიებაზე გადაიღეს, კობახიძე პუტინთან ერთადაა.
ნეიტრალიტეტის დღის აღნიშვნა თურქმენეთისთვის ტრადიციაა – უკვე 30 წელია, რაც ყოველი წლის 12 დეკემბერს აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც გაერომ ამ ქვეყანას ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
საქართველოში მსგავსი დღესასწაული ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მისი კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაწერილია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
თუმცა ბოლო თვეებია, ამ მუხლის ამოღებას აქტიურად ითხოვს ორი ქართული პოლიტიკური ჯგუფი, ერთი საქართველოში და ერთიც – რუსეთში.
სიტყვა “ნეიტრალიტეტი” სულ უფრო ხშირად ისმის “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.
“ნეიტრალური საქართველო”
ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალა, რომელიც საქართველოში ამ ნარატივის გავრცელებითაა დაკავებული, სწორედაც რომ ეს სახელი ჰქვია “ნეიტრალური საქართველო”.
“ნეიტრალური საქართველო” ჯერ საზოგადოებრივ მოძრაობად პოზიციონირებდა, 1 დეკემბერს კი პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.
პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ვატო შაქარაშვილია. “ქართული ოცნებისთვის” ეს გავრცელებული პრაქტიკაა – ერთგული პირებისგან შექმნას ცალკე პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე რადიკალური, ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ინიციატივებით გამოვა. შაქარაშვილმა და სხვა ლიდერებმა უკვე გააჟღერეს რამდენიმე ინიციატივა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” “აიტაცა”.
“ქვეყანა [უნდა] გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად,” – ნათქვამია პოლიტიკური პარტიის, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” 9 დეკემბრის განცხადებაში.
ამ ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა, ნეიტალიტეტის გამოსაცხადებლად რეფერენდუმი ჩატარდეს.
“ჩანაწერი ევროინტეგრაციაზე “აბსურდულია,” – უთხრა შაქარიშვილმა საზოგადოებრივ მუწყებელს პარტიის ყრილობის შემდეგ.
„ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მოვახდინოთ ეკონომიკური გარღვევა, განვვითარდეთ და უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, ამისთვის აუცილებელია ნეიტრალიტეტი,” – თქვა მან.
პარტიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა კი დადო პირობა, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება 2028 წელს მათი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იქნება.
მისი თქმით, ნეიტრალიტეტი დაახლოებს საქართველოს “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან” და დაეხმარება “მეზობელ ქვეყნებთან” ურთიერთობაში.
“ნეიტრალური საქართველო” თავის განცხადებებში კრემლის პროპაგანდის არაერთ თეზისს იმეორებს.
მათი მოკლე შინაარსი ასეთია: ევროკავშირი “თითქმის სრულად დეგრადირდა”, ებრძვის ქრისტიანობას და ტრადიციებს, მის შიგნით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ამიტომ საქართველომ უარი უნდა თქვას მასში გაწევრიანებაზე.
რუსული პროპაგანდა ფრთხილობს
რუსულ მედიას “ნეიტრალური საქართველოს” მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუხატავს. მოკლე კომენტარები Z ბლოგერების ტელეგრამ-არხებზე გაკეთდა.
“ნეიტრალურმა საქართველო” რუსეთში დამფინანსებლის და პარტიონიორის პოვნას ეცდება, დარწმუნებულია პროკრემლისტური ორგანიზაციის “დსთს ქვეყნების ინსტუტიტის” თავმჯდომარე, ვლადიმირ ნოვიკოვი.
მისი თქმით, ეს პარტია არის “უბრალოდ მმართველი გუნდის [ქართული ოცნების] ინსტრუმენტი ევროკავშირისა და ნატოს დასაშანტაჟებლად”.
იგივეს ამტკიცებს ტელეგრამ-არხი “კავკასიის გუშაგიც” და მომავალ პარტიას დასავლეთზე “ზეწოლის ინსტრუმენტს” უწოდებს.
ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა “ნეიტრალურ საქართველოს” კიდევ ერთი პროკრემლისტური ორგანიზაცია, “პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრი”.
“არ არის გამორიცხული, რომ ვატო შაქარაშვილს ყველაფერი გამოუვიდეს”, მაგრამ “ნეიტრალიტეტის რეალიზაცია პაქტიკაში ისეთი მარტივი არ იქნება, როგორც ვიღაცას ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს,” – წერს ორგანიზაცია.
მომავალი პარტიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ უარს არ ამბობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციაზე – დაწერა ტელეგრამ-არხმა “ევრაზიის კულისებს მიღმა”.
პროპაგანდის ფავორიტი
პროკრემლისტურ მედიაში პრორუსული ქართული პარტიის ნიშა უკვე დაკავებულია.
იგი უკავია მამუკა ფიფიას, ბიზნესმენსა და ქართული პროკრემლისტური პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტიკური მდივანს.
ფიფია ხშირად სტუმროს რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის ტელეარხს.
20 ნოემბერს ფიფიამ გააჟღერა იდეა, რომ საქართველომ რუსეთთან სამოკავშირეო სახელწმიფო უნდა შექმნას. ისეთივე, როგორც ბელარუსმა.
მან თქვა, რომ საქართველო “დგას არჩევანის წინაშე: გააგრძელოს რუსეთთან კონფორნტაციის კურსი, ან აღადგინოს ისტორიული კავშირები”.
ფიფიას თქმით, “ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის” მოსაპოვებლად, “აუცილებელია პოლიტიკური ელიტის ცვლილება” და “დასავლეთის ინტერესებში მოქმედი მეხუთე კოლონის გავლენის დაძლევა”.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს მხარი აუბა, და თქვა, რომ დროა, თბილისმა და მოსკოვმა ურთიერთობა “სუფთა ფურცლიდან” დაიწყონ.
ფიფია კრემლის გულის საამებელ განცხადებებს ხშირად აკეთებს.
ცოტა ხნის წინ, მან მხარი დაუჭირა მოსკოვის შეთავაზებას, რუსეთ-საქართველოს დიალოგის, შვეიცარიის ქალაქ ჟენევიდან, ბელარუსის დედაქალაქ, მინსკში გადატანაზე.
“ნეიტრალური საქართველო” და მისი ინიციატივა არც ერთი სიტყვით არ უხსენებიათ არც კრემლის ტელევიზიებს და არც მათ მთავარ პროპაგანდისტებს.
თითქოსდა იდეოლოგიური თანხვედრის მიუხედავად, მათ შესახებ არაფერია ნათქვამი მამუკა ფიფიასა და მისი პარტიის ტელეგრამ-არხებზე.
“ოცნების” პრორუსული სატელიტი
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” 2024 წლის ივლისში დაფუძნდა.
მათ იმთავითვე თქვეს, რომ თბილისმა ევროკავშირში უპირობო გაწევრიანებაზე ხელი უნდა აიღოს და ქვეყნის კონსტიტუციიდან ამოსაღებია 78-ე მუხლი ევროკავშირსა და ნატოში სწრაფვაზე.
მოძრაობამ და მისმა წევრებმა უკვე გააჟღერეს რამდენიმე ინიციატივა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემდეგ გაითვალისწინა.
მაგალითად, აგვისტოში სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში გაყინა. პროკურატურა მათ ედავება “საბოტაჟსა” და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციის მოწყობის მცდელობას.
გამოძიება “ნეიტრალური საქართველოს” განცხადების საფუძველზე დაიწყო. ის ამტკიცებდა, თითქოსდა არასამთავრობო ორგანიზაციები “აგენტურული ქსელის” ნაწილი არიან და “საბოტაჟისთვის” უნდა გასამართლდნენ.
იმავე განცხადებას ეფუძნება გამოძიება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
უფრო ადრე, 2023 წელს, ვატო შაქარაშვილი ითხოვდა არარსებული “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის სექტემბერში გააკეთა კიდეც.