გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მთავრობის ადმინისტრაციაშიც დაიბარეს
პეტერ ფიშერის დაბარება
მთავრობის ადმინისტრაცია გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხელისუფლების თქმით, უკმაყოფილოა გერმანიასთან არსებული ურთიერთობის დონით და “იმედოვნებს” რომ ვითარება შეიცვლება.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.
რას ამბობს მთავრობის ადმინისტრაცია
“საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარებას. აღინიშნა, რომ ეს დიპლომატიური ზომა შესაბამის წინაპირობებს ეფუძნებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად გაგრძელდება.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით. ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
წინაისტორია
● ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
● საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ ეს უჩვეულო შემთხვევაა “მეგობრულ სახელმწიფოებს შორის” ურთიერთობაში.
● “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი “ტიტუშკები“ თავს დაესხნენ “ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.
● ამის შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.
● 10 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კატეგორიულად გმობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის “უსაფუძვლო ბრალდებებს” და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი.
● 24 სექტემბერს საქართველოში არსებულმა 27 საელჩომ ქვეყანაში დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მსგავსი ბრალდებები ძირს უთხრის “ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების” შესაძლებლობას. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დიპლომატების შეხვედრა როგორც მთავრობასთან, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სრულიად შეესაბამება ვენის კონვენციას.