კომენტარი: კობახიძემ გაეროში ყაველაშვილის გაგზავნით სირცხვილი აირიდა თავიდან
ყაველაშვილის ვიზიტი გაეროში
კობახიძემ მორიგი სირცხვილი აირიდა თავიდან. მას გაეროში სათქმელი არაფერი ექნებოდა, ის ვერ მოახერხებდა ვერც ერთ სერიოზულ შეხვედრას, ხელის ჩამორთმევაზეც კი უარს ეუბნებიან – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რითაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ნაცვლად, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეის მე-80 სესიიაზე სიტყვით გამოვა. პრესსამსახურის ცნობით, ყაველაშვილი აშშ-ში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდება.
ასევე, ყაველაშვილი ნიუ-იორკში ოფიციალურ მიღებას დაესწრება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
ნინო კალანდაძე: “იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს ტრიბუნა არის ერთი მხრივ, სერიოზული ტრიბუნა და მეორე მხრივ, გაეროს ასამბლეის ფორმატში პარალელურ შეხვედრებს ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობებში, კობახიძემ უბრალოდ მორიგი სირცხვილი აირიდა თავიდან, ჩემი ღრმა რწმენით. მას იქ სათქმელი არაფერი ექნებოდა. ახალს, განსხვავებულს ვერაფერს წარადგენდა და უბრალოდ, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, კრიტიკის საგანი უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, ის ვერ მოახერხებდა ვერც ერთ სერიოზულ შეხვედრას, ხელის ჩამორთმევაზეც კი უარს ეუბნებიან ამასობაში.
ყაველაშვილი იმდენად არარსებული ფიგურაა, მე მგონი, საერთოდ მნიშვნელობას არ უნდა ვანიჭებდეთ ის რა ენაზე გამოვა. ის რომ ფიგურა იყოს, იმაში დასაძრახი არაფერია, თუ ის აირჩევს, რომ ქართლად ისაუბრებს, მაშინაც კი თუ ის ინგლისურად კარგად ფლობს. თუ არ ფლობს არც ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემა. ეს არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი.
კარგია, თუ ის, ვინც სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს, სრულფასოვნად ფლობს 5-10 და მეტ ენას, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, არც ეს არის განსაკუთრებული პრობლემა. მთავარია, ის სახელმწიფო ინტერესებს ატარებდეს. ყაველაშვილი იმდენად არავინ არაა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე ისაუბრებს. მისი სიტყვა დაცლილი იქნება შინაარსისგან, მას დასავლური აუდიტორიისთვის არაფერი აქვს სათქმელი, ამიტომ არსებით მნიშვნელობა არ აქვს რა ენაზე გამოვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ახლა არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი და მოკავშირე, თუ გავითვალისწინებთ, რომ არა მხოლოდ საქართველო და მისი მთავრობა, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილიც პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ფუნქციონირებს. ამავდროულად, აშკარაა, რომ ის ინდივიდუალურ გარიგებებში შედის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მას რაღაცნაირად გვერდში უდგანან.
არა მხოლოდ კადრები, თვითონ ფაქტი ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ებღაუჭება ამ ურთიერთობას, რადგან ერთი – იმიტომ რომ ვალშია მათთან და მეორე – იმიტომ, რომ მის ფინანსურ ბრუნვას, კაპიტალდაბანდებას თუ შემდგომ რაღაც ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს, ის სწორედ იმ სახელმწიფოს უკავშირებს, რომელიც ამ ეტაპზე მას გვერდში უდგას.
მას ალტერნატივა არ აქვს იმ პირობებში, როცა მთლიანად მოწყვეტილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციას. მთლიანად შეჩერებულია ყველა ტიპის კომუნიკაცია, მათ შორის, მისი ფინანსური ინტერესების აღდგენასთან დაკავშირებით დასავლეთთან. მას ახლა სჭირდება მყარი მოკავშირემ, რომელიც მეტ-ნაკლებად მისგან არ ითხოვს განსაკუთრებულ დემოკრატიულ წინაპირობებს ურთიერთობაში.”