სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. ბურჭულაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი ქმედებებით სამინისტროს მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ღ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმ დროინდელმა მოადგილემ გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვ.ღ-მ მინისტრის ახლო ნათესავის ვ.მ.-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება.
“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და ღ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმ დროინდელმა მოადგილემ გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვ.ღ-მ მინისტრის ახლო ნათესავის ვ.მ-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის ედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 ათას 72 ლარად ღირებული მაგნიტო -რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 მილიონ 940 ათას ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი.“ – ნათქვამია განცხადებაში.
27 ივლისს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ისინი დააკავეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.
უწყების განცხადებით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.