კომენტარი: ეს წერილი ინგლისურად მაინც დაგეწერათ, საელჩომ იქნებ თარგმანში დაკარგოს "მნიშვნელოვანი გზავნილები"?
ირაკლი კობახიძის წერილი ტრამპს
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძის წერილს ეხმაურება, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიწერა.
სერგი კაპანაძე შინაარსობრივად განიხილავს წერილს.
ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს, სადაც ამბობს, რომ დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ “გაუგებარია”, რატომ რჩება ძალაში სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ “დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა” და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს.
კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები “დიფ სთეითის” დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.

სერგი კაპანაძე: “კობახიძის სასოწარკვეთილი უსტარის შესახებ ბევრი დაიწერება და ბევრი გამოეხმაურება, მაგრამ ცოტა შინაარსშიც შევიდეთ:
– სუფთა ფურცლიდან გთხოვთ ურთიერთობებს და არ გვპასუხობთო: გიპასუხეს უკვე, მეგობარი აქტით. იცით რაც უნდა გააკეთოთ, რომ ამერიკისგან, ევროპისგან და ა.შ. დამოკიდებულება შეიცვალოს.
– სამშვიდობო მისიებში ვმონაწილეობდითო: ნამდვილად. ოღონდ, თქვენი დამსახურება არ იყო ეგ. ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მაგ მისიებიდან გამოსვლას ქადაგებდა და მაგ მსხვერპლს უაზროდ მიიჩნევდა.
– 2008-2011 წლებში რეჟიმის გადასარჩენად გამოყო თანხები ამერიკამო და მაგ თანხებს არ ვთვლიო. ეგ თანხები იყო, რამაც საქართველოს ეკონომიკა გადაარჩინა გლობალური ფინანსური კრიზისის და ომის შემდეგ. დღემდე ფეხზე ვერ დავდგებოდით, ეგ დახმარება რომ ამერიკას არ მოეცა.
– რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო სააკაშვილმაო. უკომენტაროდ. სახელმწიფოს ღალატი ერთ წინადადებაში. რუსეთის წინააღმდეგ ომი თუ დაიწყო სააკაშვილმა, ესე იგი, დაიწყო საქართველომ. საერთაშორისო სამართლის პირველი კურსის სტუდენტმა იცის, რომ სახელმწიფოს მმართველის ნაბიჯები არის მიკუთვნებადი სახელმწიფოსადმი.
– სოროსის ფონდის თანხებს არ ვთვლიო: თავად იყო ამ წერილის ავტორი სოროსის ფონდის სტიპენდიანტი. ჩემთან ერთად, ამიტომ ვიცი. ერთად დავდიოდით ხოლმე სოროსის პროგრამის ფულით საუნივერსიტეტო პროგრამით მივლინებებში და ერთად ვავითარებდით საგანმანათლებლო პროგრამებს თსუ-ში. სურათებიც გვაქვს ერთად გადაღებული. მაშინ არ ამბობდა, რომ პრობლემური იყო ეგ ფული.
– საერთაშორისო შეფასებებით მოწინავე ქვეყანა ვართო. ვ-დემის მიხედვით 2025 წელს ელექტორალურ ავტოკრატიად ჩამოვქვეითდით, ფრიდომ ჰაუზის 2024 წლის მოხსენების თანახმად ნახევრად კონსოლიდურებულ ავტორიტარულ რეჟიმად ვყალიბდებით, ხოლო ეკონომისტის დემოკრატიის ინდექსის თანახმად მეოთხე ყველაზე სწრაფი დაღმასვლა გვაქვს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხით.
– ავტორიტარულ ქვეყნებთან თუ აწარმოებთ დიალოგს, ჩვენთან რატომ არაო? ეს წინადადება გადაიკითხეთ, სანამ გამოაქვეყნებდით?
– ჩვენ ღიად ვსაუბრობდით დიფ სთეითზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენო. არა, დიფ სთეითზე კი არა, მოგონილ გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდით, დიფ სთეითზე კი მას შემდეგ დაიწყეთ საუბარი, რაც გაიგონეთ, რომ ტრამპმა ახსენა. მარტივი გადასამოწმებელია. ასევე, USAID-ს და NED-ს იმიტომ ემტერებოდით, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია გაშინებდათ (ბიძინას აშინებდა) და ეს ინსტიტუტები სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას აძლიერებდნენ. ესაა სულ. არანაირი კავშირი ტრამპის/მასკის მცდელობებს, რომ ფული დაზოგონ საგარეო დახმარების პროგრამებზე (ჩემი აზრით, მცდარად) და თქვენც მცდელობებს შორის, რომ ავტორიტარიზმი გაამყაროთ არ არის. ზედაპირულად გინდათ დააკავშიროთ. იმდენად სასოწარკვეთილი ხართ, რომ გგონიათ, ამას ვერავინ დაინახავს.
– რუმინეთის და გერმანიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეთ და ჩვენ რატომ არ გვაქცევთ ყურადღებასო. მაგ ქვეყნებში ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს გამოხატვის თავისუფლებას და გააკრიტიკეს პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების აკრძალვის მცდელობა. თქვენ ხომ პირიქით აკეთებთ, თქვენც ხომ კრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს და ზღუდავთ თავისუფალ სიტყვას? აი, როგორ უნდა დაგიჭირონ მხარი? ლოგიკა სად არის? პირიქითაა ეგ. არაა ეგ სათქვენო მაგალითები. ისე, რატომ არ გაახსენეთ ამერიკის ადმინისტრაციას, რომ თქვენი პროპაგანდა გერმანიის AFD-ს შესაძლო აკრძალვას საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის გასამართლებლად იყენებს?
– მეგობარი აქტზე: ქართველი ხალხის ნდობას ამცირებსო, რომ წერთ, უნდა დაგეწერათ ალბათ, რომ ქართული ოცნების ნდობას ამცირებს ამ აქტის მიღება და არა ქართველი ხალხის. მაგ აქტის მიხედვით, ქართველი ხალხი იღებს შესაძლებლობას, რომ ამერიკასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, ხოლო სანქციებს იღებს ქართული ოცნება. მეგობარი აქტისთვის მეგობარი ქართველი ხალხია, ხოლო მტერი ქართული ოცნება. ძალიან გეშინიათ ამ კანონის სენატში გასვლის და ხელმოწერის. მიხვდით, რომ ვერ აჩერებთ. და ახლა ღია წერილით გინდათ, რომ გააჩეროთ სასოწარკვეთილების უმაღლესი გამოვლინებაა. ისე ეს წერილი ინგლისურად მაინც დაგეწერათ, საელჩომ იქნებ თარგმანში დაკარგოს “მნიშვნელოვანი გზავნილები”?
– ორუელზე რომ წერდით, მიწა ხომ არ გისკდებოდა ფეხქვეშ, შემთხვევით? მთელი თქვენი პროპაგანდა და საქმიანობა ორუელია – ერთ დღეს თეთრზე შავს ამტკიცებთ და მეორე დღეს პირიქით. ნაცები ცუდია, მაგრამ თქვენთან მყოფი ნაცები კარგია, გახარია კარგია, მაგრამ თქვენთან თუ არ არის, ცუდია, გარეჯი საქართველოა როცა გჭირდებათ და როცა არა, ჩუმად ხართ; რუსული კანონი ხან ამერიკულია, ხან ფრანგული, ხან ავსტრალიური; ევროპა ხან მოყვარეა, ხან მტერია, ბაიდენი ახლა მტერია, ხვალ ტრამპი იქნება მტერი. ადრე, როცა სააკაშვილს ხვდებოდა მტერი იყო. დღეს იმედი გაქვთ, რომ მობრუნდება თქვენკენ და ეპირფერებით. კანდიდატის სტატუსი ხან კარგია, ხან ცუდი, მურუსიძე ხან კარგია, ხან ცუდი. ამერიკაზე ორუელიანობის დაბრალება – ყველაზე კარგი მაგალითია თქვენი ორუელიანობის.
– ბაიდენის “დანაშაულებრივ: ქმედებებზე: საღი აზრი უნდა გქონდეს რომ მიხვდე, რომ ამერიკაში საშუალოდ ადმინისტრაციები იცვლება ყოველ ორ ვადაში (შუაში კონგრესიც). თან ტრამპის ბოლო ვადაა. დემოკრატების მიმართ ასეთი განცხადებები საქართველოს შეიძლება შემოუტრიალდეს ხვალ და ზეგ. მაგრამ, თქვენ ეგ არ გაღელვებთ. ახლა იქნებ ტრამპს გააგონოთ, მარტო ეს სასოწარკვეთა გამოძრავებთ.
– იმედი გვაქვს დიფ სთეითს დაამარცხებთო. ბარემ აგეხსნათ, ვის გულისხმობთ დიფ სთეითში, რომ უკეთ გაასწოროს ისრები ტრამპის ადმინისტრაციამ. თქვენთვის დიფ სთეითია მთელი კონგრესის რესპუბლიკური პარტიის 83%, ასევე სენატის საგარეო კომიტეტი მთიანად, პლუს სახელმწიფო დეპარტამენტი და ა.შ. დაგეწერათ ბარემ ესენიც, სახელებით და გვარებით, უარესი მაინც ვერ გახდებოდა ეს წერილი
– USAID-ის დატრენინგებული 250 ადამიანი იკრიბება რუსთაველზეო. მტუყვნის? :))) აი, როგორ გგონიათ, ამას რომ ამერიკელები წაიკითხავენ ტრამპის ადმინისტრაციაში, რას იფიქრებენ? ვერ მიხვდებიან რომ პროპაგანდაა? ან, სიმართლე თუა, 250 ადამიანის შეკრება რა პრობლემაა? ასე იცის პროპაგანდამ, არეული გაქვთ ადრესატები. თან ერთი წინადადებით ვითომ ტრამპს ესაუბრებით და მეორე წინადადებით თქვენს, სამწუხაროდ, “ტვინგამორეცხილ” მხარდამჭერებს. გეშინიათ ალბათ, რომ გამოიღვიძებენ ერთ დღესაც.
ერთი წინადადებით ჩატჯიპიტის სტილში:
“უიმედო პათოსით და ყალბი სასოწარკვეთილებით აღსავსე მაჩოს სტილში დაწერილი კონსპირაციული და პროპაგანდისტული პასკვილი შორიდან ვითომ ტრამპის მიმართ მოტრფიალე იმედგაცრუებული ოლიგარქის მსახურისგან, რომელიც ღიად ღაღადებს – “გვიპასუხე, გიყვარვართ, თუ გკიდივართ”.
ჰკიდიხართ, ჰკიდიხართ.”