"საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში" - სალომე ზურაბიშვილი Fox News-თან
სალომე ზურაბიშვილი Fox News-თან
საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა
“[ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ეს ოფიციალური შეხვედრები არ იყო, ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო. ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზეც დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურს, ეს რუსეთის იმპერიების, შემდგომ საბჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მუდმივი სურვილი იყო.
და რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც ამ ქვეყნების გაყალბებული არჩევნებით მოგებასა და ადგილზე მარიონეტი რეჟიმების დანიშვნაში მდგომარეობს, და არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმი სურთ
და ეს იქნება კითხვა [აშშ-ის] შემდეგი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარეს იყო, საქართველო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები იყო, ვინაიდან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს – ენერგეტიკის მარშრუტებს, სავაჭრო მარშრუტებს, ცენტრალურ აზიამდე გზას, და ქვეყანაა, რომელიც არსებითად დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების ციხესიმაგრე იყო.
საქართველო, სომხეთთან ერთად, – ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი, ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან უძველესი, – მაგრამ ორივე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები ვართ მსოფლიოში და ეს ძლიერად გვაკავშირებს. და ჩვენ ვიყავით დემოკრატიის ციხესიმაგრე ამ ფართო რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით.
საფრთხე ეხება არა მხოლოდ კავკასიას – ეს შავი ზღვის საკითხიცაა. რუსეთის აგრესიული ომის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ასევე ეხება შავ ზღვას, და მათი მცდელობა, გააყალბონ არჩევნები რუმინეთსა და მოლდოვაში, ასევე შავი ზღვის ინტერესებზეა მიმართული.
ეს ძალიან სტრატეგიული ზღვაა აშშ-ის ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი პორტები შავ ზღვაზე, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს – ეს არის დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობის გეგმებში
ეს არის მნიშვნელოვანი ამერიკული ინტერესები, ევროპულ ინტერესებთან ერთად, რომლებიც საფრთხის ქვეშაა ამ რეგიონში.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
18 იანვარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორები მზად არიან საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ.
“მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩემი სახით, საქართველო არის წარმოდგენილი ამ ინაუგურაციაზე. არ შეიძლება, რომ რეჟიმი იყოს დასანქცირებული, როგორიც არის უკვე მისი მთავარი წარმომადგენლები . არ შეიძლება სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი იყოს მიკერძოებული და ერთი ადამიანის ხელში და ამ დროს ვინმე საუბრობდეს ლეგიტიმაციაზე, ეს მხოლოდ არჩევნების საკითხი აღარ არის. ესაა საკითხი, რომელიც ეხება რეჟიმს, რომელიც გამოვიდა კონსტიტუციიდან. რომელსაც აღარ აქვს არცერთი ნიშანი დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის. და ვერ ექნება ვერცერთი პრეტენზია რომ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩვენი ხალხის, ესაა ჩემი მთავარი გზავნილი აქ.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი 20 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.