ბრიტანული სანქციების შემთხვევაში, ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია დასანქცირება - TI
ბრიტანული სანქციები ბიძინა ივანიშვილს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ცნობით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).
სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის:
● ქართუ ბანკი
● ფონდი ქართუ
● გალერეა თბილისი
● აქსის თაუერსი
● ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის, ტვ იმედის, მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს.
● საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები: პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები.
● ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს.
● რუსული კომპანია შპს აკვა სფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
ორგანიზაციის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს: მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.
გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.
წინაისტორია
სანქციების დაწესების მოთხოვნის მიზეზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება, დემოკრატიის შელახვა, საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები სახელდება.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით 13 იანვარს მიმართა.
თუკი წინადადებას მიიღებენ, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, სამუშაო ვერსიის მიხედვით, თემთა პალატა:
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო;
- გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში;
- ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე – დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის;
- მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ;
- კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას.“
“ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ 16 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ “დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის “დონემდე დაიყვანა”, რაც გამორჩეულად “ტრაგიკულ” მოვლენად უნდა შეფასდეს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო “ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა” და ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, “გამაოგნებელია”, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და “ფეხქვეშ გათელა.”