“რადიო თავისუფლების”ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს, სადაც ჩამოთვლილია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკურად და ბიზნესის კუთხით დაკავშირებულები არიან – კონგრესმენები გაგზავნილ წერილში სწორედ ამ ადამიანების სანქცირებას მოითხოვენ.
გამოცემის მიხედვით, წერილში აღნიშნული პირები მოხსენიებულები არიან, როგორც “ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ”.
ამავდროულად, წერილი შეიცავს “ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის” სიას, რომელიც ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრების, ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების, ასევე, მოსამართლეების და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან რეჟიმთან დაახლოებული პირებისგან შედგება.
“რადიო თავისუფლების” წყაროს თანახმად, წერილი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მოიცავს და მიმოიხილავს, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემო, სადავო არჩევნები, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და მედიის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების დევნა.
„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, მაგრამ აუცილებელია, აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი.“ – წერია მიმართვაში.