ქუჩაში გამოვიდნენ მეღვინეები, ფსიქოლოგები, მარკეტერები, ექიმები, პროფესორები, IT-ები, მუსიკოსები... პროტესტის მე-16 დღე თბილისში
“გამოდი გარეთ” – ამ მოწოდებით, დღეს, 13 დეკემბერს, მასშტაბური პროევროპული აქციების მე-16 დღეს, თბილისის ქუჩებში პროფესიული ჯგუფები გამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნაა. ისინი ამბობდნენ, რომ წლებია ემსახურებიან საქართველოს ევროპულ მომავალს და ამ მომავლის წართმევას არ დაუშვებენ.
- შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება – ექიმების პეტიცია
- “დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლებით” – აშშ-ს საელჩო
- “ბოლო 12 დღის მოვლენების საპასუხოდ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, უვიზოს შეჩერებაც” – ევროკავშირის ელჩი
იმ ჯგუფების ჩამონათვალი, რომლებიც დილიდან მართავდნენ მსვლელობას თბილისის სხვადასხვა უბანში, ვრცელია. ამ დღეს ქუჩაში ერთად გამოვიდა ყველა, ვისაც ამ დრომდე მსგავსი ფორმით პროტესტი არ გამოუხატავს. მათ შორის, ფსიქოლოგები, მუსიკოსები, IT-ები, პიარები და მარკეტერები, იურისტები და ადვოკატები.
ამ მსვლელობების გამო, შუა დღეს თბილისში მოძრაობა პარალიზებული იყო. გზები გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრალურ, ყველაზე დატვირთულ ნაწილში – ვაკეში -ჭავჭავაძის გამზირზე, საბურთალოზე – ყაზბეგის გამზირსა და შარტავას ქუჩაზე, ვერაზე – კოსტავასა და რუსთაველის გამზირებზე.
13 დეკემბრის აქციები ასე დაიწყო:
- 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო IT/TECH კომუნის პროტესტი
- 12:00 საათზე ტექნოპარკიდან სტარტაპერების მსვლელობა დაიწყო
- 13:00 საათზე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრტან სტუდენტები შეიკრიბენენ
- 13:00 საათზე ახალი მსვლელობა დაიწყეს რესპუბლიკის მოედნიდან HR-ებმა და ტრენერებმა
- 14:00 საათზე კონსერვატორიიდან კულტურის სამინისტროსკენ მუსიკოსები დაიძრნენ
- 14:30 საათზე, ვაკის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყეს მსვლელობა მარკეტერებმა, PR სპეციალისტებმა, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა
- 17:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან იურისტები, ადვოკატები და იურიდიული ფირმების თანამშრომლები შეიკრიბნენ.
- 17:00 საათზე მეღვინეები მივიდნენ ეკონომიკის სამინისტროსთან
- 19:00 საათზე ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებმა დაიწყეს მსვლელობა მარჯანიშვილიდან პარლამენტისკენ
- 20:00 საათზე ფსიქოლოგების მარში დაიწყო რესპუბლიკის მოედნისკენ
დღის ბოლოს ყველა პროფესიულმა ჯგუფმა ერთად მოიყარა თავი რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან.
მსვლელობებს, რომელიც მოდებული იყო მთელს თბილისში, მთელი დღის განმავლობაში ადამიანები ემოციებით, შეძახილებით, აივნებიდან და სამსახურების ფანჯრებიდან დროშების ფრიალით ხვდებოდნენ.
სოციალური ქსელი ააფეთქა ვიდეომ ვაჟა -ფშაველას გამზირიდან, რომელშიც ერთ-ერთ მშენებლობაზე, მაღალ სატვირთო ამწეზე მყოფი ორი ადამიანი დროშის ფრიალითა და მობულურის ანთებული ფანრით ეგებება აქციის მონაწილეებს.
უკვე 16 დღეა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში და სხვა ქალაქებში, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება მოთხოვნით – ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და დაუბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას.
ეს აქციები მოჰყვა საქართველოს არაღიარებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლამდე საქართველო წყვეტს გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.
პირველი ექვსი ღამის განმავლობაში, მრავალათასიან აქციას საპოლიციო ძალები სასტიკად არბევდნენ წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და წიწაკის სპრეით. აკავებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა დაკავებულების ცემას წამება უწოდა. მან გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს ეტყობა წამების კვალი.
ამ დრომდე ზუსტად ვიცით, რომ აქციებზე დაკავებულია 500-მდე ადამიანი. 30-ზე მეტ პირს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ. ამ ადამიანებს ან აჯარიმებენ 2000-3000 ლარით, ან მათ აპატიმრებენ 14 დღემდე ვადით.
ეს არ არის დაკავებულთა შესახებ ბოლო მონაცემი. 8 დეკემბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მონაცემები აღარ გაუახლებია. ადამიანების გატაცება და დაკავებები კი 8 დეკემბრის შემდეგაც გრძელდება.