საქართველოს პრეზიდენტი: პროტესტი უნდა დარჩეს თავისუფალი, თვითორგანიზებით
საქართველოს პრეზიდენტი პროტესტზე
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროტესტი უნდა დარჩეს თავისუფალი და თვითორგანიზებით. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებზე შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყოს. ეს ზურაბიშვილმა ქართული ქარტიის ხელმომწერ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.
ზურაბიშვილის განმარტებით, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნიკალური საშუალება, გადაწყვიტოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროტესტი უნდა დარჩეს როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებით და თვითორგანიზებით:
“ამაზე ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, ცხადია, მაგრამ სჭირდება, მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა. მხარდაჭერა რაშ უნდა გამოიხატებოდეს – ეს პირველ რიგში არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ.”
რაც შეეხება იმას, საითკენ მიდიან პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება ერთობლივად, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რაც დღეს გამოიკვეთა და გამოიკვეთება მომავალ პერიოდებში, როცა მათ ექნებათ შეხვედრები:
“ჩვენ არამხოლოდ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, მაგრამ პირველი ეტაპი და პირველი ქმედება, რაც უნდა დაიყოს და დაიწყება ამ საღამოსვე, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი და ქვეყნის ისტორიაში უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ეს ძალიან ღრმა კრიზისი ქვეყნის, რომელიც არ ვიცით როგორ და საით შეიძლება წავიდეს, გადაწყვიტონ ეს კრიზისი პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში.” – თქვა ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, მათი ძალისხმევა – პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების ამ დღეებში უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, “უნდა ვიყოთ” მადლობელი, რომ საზმაუ ნელ-ნელა დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია დღეს საქართველოში, ის ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ღირსია ამ საზოგადოების და პირიქით.
მინდა გამოვაცხადო ის, რაც არ მომხდარა დიდი ხნის განმავლობაში აქამდე, სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ, მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პირველი არხი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს და შესაბამისად, ინტერვიუსთვის ელოდებიან.
“ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი”, – ვკითხულობთ არხის განცხადებაში.
პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გამართულ აქციაზე მოითხოვდნენ.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში.