საქართველოში დაიწყო დაუმორჩილებლობა. ვინ გაიფიცა და ვინ დატოვა სამსახური. 29 ნოემბერი-1 დეკემბრის მონაცემები
დაუმორჩილებლობა და გაფიცვები
აქ თავს ვუყრით საპროტესტო გამოსვლების პარალელურად სხვადასხვა საჯარო მოხელეების, დიპლომატების, ჟურნალისტების თუ კომპანიების მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის და გაფიცვის შესახებ ინფორმაციას.
_________________________
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ ქვეყანა აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას, საქართველოში დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა.
ქუჩის აქციების გარდა, ქვეყანაში გაჩნდა დაუმორჩილებლობისა და პროტესტის სხვა მცირე კერებიც – სკოლებში, უნივერსიტეტებში, საჯარო უწყებებში, სასამართლო და სამედიცინო სფეროში, ხელოვნებაში …
სია ვრცელია
დიპლომატები
* 29 ნოემბერი – გადადგა საქართველოს ელჩი ბულგარეთში, ოთარ ბერძენიშვილი
29 ნოემბრის დილას ცნობილი გახდა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ბერძენიშვილის თქმით, დიპლომატიური საქმიანობის ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კოლეგებთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ის სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს.
- პრეზიდენტი მიმართავს ხალხს, ელჩებს, ოპოზიციას: არ შეგუება, არ დანებება, ბოლომდე ბრძოლა
- ომბუდსმენი მშვიდობიანი პროტესტისას სპეცრაზმის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას აღნიშავს
„არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა“, – წერს დიპლომატი.
ოთარ ბერძენიშვილმა დიპლომატიური კარიერა 2000 წლიდან დაიწყო. 2023 წლიდან ის იყო ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. მანამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად, იყო ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაშიც.
👇🇬🇪🇪🇺🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/WBuQM3tKP3
— Otar Berdzenishvili (@OtariB) November 29, 2024
* 29 ნოემბერი – საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას
29 ნოემბერს კიდევ ერთმა დიპლომატმა, საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასკუამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს, როცა რუსეთი: – აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; – აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; – ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას… ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!”
* 29 ნოემბერი – ჩეხეთში საქართველოს ელჩის თეა მაისურაძის განცხადება
საქართველოს ელჩი ჩეხეთში თეა მაისურაძე, ამბობს, რომ საქართველოსთვის, განსაკუთრებით რუსული ოკუპაციის ფონზე, ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
ელჩი წერს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ის და მისი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ იშურებდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის.
“დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას.
ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს“, – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.
* 30 ნოემბერი- საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა
დიპლომატის განცხადებას სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს:
„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას”, – ნათქვამია სოლომონიას განცხადებაში.
* 30 ნოემბერი – საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იტალიაში, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს
“როგორ ეწერა სენიორ პესოას? – არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე…
ყველას გვაქვს ასეთი. მე – ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ.
დღეს ამ ფიქრებით ვამბობ “უარს” და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განგებას აჩუქოს. მათ შორის იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ – ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტრაცები და ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს…
მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის” – წერს ირაკლი ვეკუა.
30 ნოემბერი – ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ თანამდებობა დატოვა
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა
“წარვადგინე ჩემი განცხადება ლიეტუვაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. პატივი და პრივილეგია იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში” – დაწერა მან.
30 ნოემბერი – გადადგა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი
“რადიო თავისუფლებას” ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ.
დაუმორჩილებლობა სამინისტროებში
* 28 ნოემბერი – საგარეო საქმეთა სამინისტროს 100-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას
პრემიერის ბრიფინგიდან მალევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ასზე მეტი თანამშრომლის ერთობლივი წერილი. უწყების თანამშრომლები ემიჯნებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.
თანამშრომლები წერენ, რომ ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს – დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას:
“გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე“, – აცხადებენ უწყების თანამშრომლები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამბობებნ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
“ჩვენ, ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”. – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები.
* 29 ნოემბერი – თავდაცვის სამინისტროს 50-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა “ქართულ ოცნებას”
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები წერენ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უმთავრესი მოვალეობა სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებაა.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ – თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით.
სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით.
ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 50-ზე მეტი ადამიანი. სია მზარდია.
* 29 ნოემბერი – განათლების სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი გაემიჯნა პრემიერის განცხადებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 200-მდე (18:30 საათის მონაცემებით) თანამშრომელი აწერს ხელს განცხადებას, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ ემიჯნებიან ქვეყნის პრემიერის განცხადებას.
“ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება.
ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”.
სხვა საჯარო უწყებები
* 29 ნოემბერი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 100-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას
საჯარო განცხადებას ავრცელებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქმედი თანამშრომლებიც. განცხადებაში, რომელსაც 29 ნოემბრის 18:00 საათისთვის ხელს აწერს ასზე მეტი თანამშრომელი, ვკითხულობთ:
“ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უდიდეს ენერგიასა და რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობა თანამოქალაქეებისა და სამშობლოს მომავლის წინაშე.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და ვთვლით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი და აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს.
ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და დავიცვათ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ფასეულობები. ვრჩებით ერთგულნი ქვეყნის, მისი კონსტიტუციის, კანონის, საერთასორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების, ხალხისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული დათქმაა“, – წერია განცხადებაში.
* 29 ნოემბერი – იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება ხელისუფლების გადაწვეტილებას
29 ნოემბრის საღამოს გავრცელდა იუსტიციის სახლის 400-მდე თანამშრომლის ერთობლივი განცხადებაც. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი აპირებენ უპირობოდ გააგრძელონ ევროპული მომავლის დაცვა, რომელსაც საფრთხე “ქართულმა ოცნებამ” შეუქმნა.
“საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს. იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.
გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი! ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
* 29 ნოემბერი – დაავადებათა კონტროლის 100-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება “ოცნების” გადაწყვეტილებას
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები წერენ, რომ ისინი გამოვხატავენ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
“თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ იშურებს შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.
წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა“, – წერენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
ისინი ამბობენ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
* 30 ნოემბერი – თბილისის მერიის 140-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება – განცხადება
თბილისის მერიის 140-ზე მეტი თანამშრომელი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაზე ხელმომწერების სია განახლებადია.
„ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.
ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“, – წერია განცხადებაში.
* 30 ნოემბერი – ბათუმის მერიის 15 თანამშრომელი აცხადებს, რომ ემიჯნება “ოცნების” ანტიევროპულ გადაწყვეტილებას
როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.
“ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.
ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”, – წერია განცხადებაში.
* 30 ნოემბერი – პერსონალურ მონაცემთა სამსახურის 30-ზე მეტი თანამშრომელი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ „ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადება საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ“ მიაჩნიათ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვა, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელოვანი გარანტი, ევროპული ღირებულებების მონაპოვარია.
ჩვენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ევროპული ღირებულებების ერთგულნი. გვეამაყება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანის მიერ შეტანილი წვლილი“, – წერენ თანამშრომლები განცხადებაში.
მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადება საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა:
“არჩეული ევროპული კურსის ცვლილება კი, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შეუქცევად საფრთხეებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და სახელმწიფოში პირადი ცხოვრების დაცულობის სადარაჯოზე მდგომ საჯარო მოხელეებს, გვჯერა, რომ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაცია წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი სტანდარტების დამკვიდრებისა და რეალიზების ფუნდამენტურ გარანტს. გვაწუხებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ვგმობთ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას!“
1-ელი დეკემბერი – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას.
განცხადებაში ისინი წერენ, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. ამ ინსტიტუტში დაცული მასალები ადასტურებს საქართველოს სწრაფვას დასავლური კულტურისკენ.
“სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ: საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა! ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას”,– აღნიშნულია განცხადებაში.
მოსამართლეები
* 29 ნოემბერი – 17 მოსამართლე ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას
დღის ბოლოს გავრცელდა 17 მოსამართლის განცხადებაც. საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
„ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია! მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!
განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი მოსამართლისათვის”,- ნათქვამია მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაში.
* 29 ნოემბერი – საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი ემიჯნება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას
მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება უზენაესი კანონის ვალდებულებას.
“მოვუწოდებთ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, უერთგულონ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს, შეცვალონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება და მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეაჩერონ საქართველოს ევროპული საზოგადოებისგან იზოლაცია და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგები.
იმავდროულად, ვთხოვთ, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი.
უნივერსიტეტები
29 ნოემბრის დილიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტმა პროტესტის ნიშნად, შეაჩერა სასწავლო პროცესი.
მათ შორის არიან:
კავკასიის უნივერსიტეტი – უნივერსიტეტის სახელით გავრცელდა განცხადება, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დროებით სასწავლო პროცესი ჩერდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ამ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
„აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი”.
საქართველოს უნივერსიტეტი – ასევე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება.
„არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…” ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“, – წერს უნივერსიტეტი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტშიც. უნივერსიტეტი სტუდენტებს ატყობინებს, რომ სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებენ.
GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – ასევე შეუერთდა იმ უნივერსიტეტებს, სადაც პროტესტის ნიშნად სწავლა შეჩერდა.
“GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!” – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) – სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმაც.
“ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ“. – ასეთ განცხადებას ავრცელებს უნივერსიტეტი.
30 ნოემბერს ამ სიას მიემატა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტი გმობს ქართველ ხალხზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულებს. ფრიუნი/აგრუნი დარწმუნებულია, რომ “ბრძოლა გამოიღებს შედეგს და დავიბრუნებთ ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალს”:
“ჩვენ, როგორც მიმდინარე ლეგიტიმური და სამართლიანი პროტესტის მონაწილეები, ვგმობთ ძალადობას ქართველ ხალხზე და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულსა და დაპატიმრებულს, რომელთა შორის მრავლად არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თანამშრომლები” – ნათქვამია განცხადებაში.
1-ელ დეკემბერს გავრცელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განცხადება.
პერსონალი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას ემიჯნება. ამასთან, ისინი თსუ-ის აკადემიურ საბჭოს შესაბამისი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
“კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას. მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება”.
ასევე 1-ელ დეკემბერს განცხადება გაავრცელეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა,
განცადებაში ხაზგასმულია, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, ქვეყნისა და ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე იდგეს. პროფესორ-მასწავლებლები კოლეგებს მოუწოდებენ, დადგნენ სიმართლის მხარეს.
” ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას.
მივიჩნევთ რა, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს”, – ვკითუხლობთ განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის (1 დეკემბერი, 13:00 სთ) 214 ადამიანი აწერს ხელს.
სკოლები და ბაღები
“გაკვეთილი არ ტარდება. მასწავლებელი გაიფიცა. საქართველო არ იქნება რუსეთი”, – დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს ასეთი წარწერა დაფაზე.
წარწერის ავტორია მასწავლებელი მაია ეკალაძე.
“გაარკვიეთ, რა სასჯელია და დამსაჯეთ!. საქართველო არ გახდება რუსეთი” – წერს ის
ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაიფიცა 186-ე საჯარო სკოლა.
186-ე საჯარო სკოლა გაიფიცა! აი ნამდვილი მასწავლებლები! შესაძლოა ყველა არა, მაგრამ … – ამ წარწერით გავრცელდა ფოტო სოციალურ ქსელში
თბილისი, 136-ე სკოლა – ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ანა თვაურმა დაფაზე დაწერა, რომ რუსეთი მტერია და ჩამოთვალა ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი.
“დღეს მათემატიკა არ ჩაგიტარდებათ. ასე გამოვხატავ პროტესტს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის უგულებელყოფისათვის. რუსეთში ცხოვრება არ მინდა!” – მიწერა მოსწავლეებს მასწავლებელმა მზია დადვანმა.
პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ექიმი ეკა კვირკველია.
“მე ერთი მასწავლებელი დღეს სკოლაში არ და ვერ წავედი! არ შემეძლო დღეს ჩემი მოსწავლეებისთვის თვალებში ჩამეხედა და მესაუბრა “ვეფხისტყაოსანზე,””თევზის წერილებზე” და “დიდოსტატის მარჯვენაზე“, – წერს სოციალურ ქსელში მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე წულუკიძე.
“დღეს არის დღე,ყველამ ვისაც სინდისი აწუხებს,ვინც მიხვდა რა ჩაიდინა უნდა ადგეს და პროტესტი გამოუცხადოს ორჯონიკიძეებს,მანქურთებს და თვითმარქვია ხელისუფლებას.
მასწავლებლებო,მართალია თქვენმა 80% გადაუწყვიტა ჩვენს ახალგაზრდებს რუსული მომვალი,მაგრამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გამოასწოროთ,სულ რამდენიმე დღე გვაქვს სამშობლოს გათვისუფლებისთვის და გაბედეთ,დადექით ისტორიის სწორ მხარეს,იბრძოლოთ თქვენი შვილების მომავლისთვის!
დღეს თუ არ გამოვფხიზლდით,ხვალ კიდევ უფრო დამცირებული მასა ვიქნებით,ფეხქვეშგათელილი ღირსებით,სასკოლო ცენზურთი და ხელში ახალი ყალიბით ,რომელიც საბჭოეთის მსგავს “ახალი ადამიანის” აღზრდას დაგვავალებს! ” – წერს იგი.
პროტესტის ნიშნად, სწავლა არ იქნება ორშაბათს, 2 დეკემბერს, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში.
“ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა“, – წერია სასწავლო დაწესებულების განცხადებაში.
სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს მწვანე სკოლაც. სკოლის ადმინისტრაცია წერს, რომ ისინი უერთდებიან წინააღმდეგობის მოძრაობას.
“მხარს ვუჭერთ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ცხადად აფიქსირებს საკუთარ აზრს ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლის გზაზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი – ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა არის კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც უერთდება გაფიცულთა სიას:
“ჩვენს მოსწავლეებს თავისუფლების, სამართლიანობის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემას ვუნერგავთ და ამ გადამწყვეტ მომენტში ვაცხადებთ: ევროპული ოჯახის წევრობა ქვეყნის ისტორიული არჩევანია, გამყარებული კონსტიტუციით. ერთობით, თანადგომით, მედგრად დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ნათელ მომავალს. თავისუფალ, დამოუკიდებელ, გამარჯვებულ საქართველოს გაუმარჯოს!” – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბავშვო ბაღი “მწვანე ალუბალი” ასევე აჩერებს სასწავლო პროცესს:
‘ძვირფასო მეგობრებო, მშობლებო, მა”სწავლებლებო, 28 ნოემბერს ღამით, მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეჩერებინა საგანმანათლებლო პროცესი. ყველამ ვინც იცის მწვანე ალუბალი, იცის ჩვენი უპირველესი ღირებულება – თავისუფლება.
ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრ მშობელს ამით დისკომფორტი შევუქმენით, მაგრამ ისიც გვესმის რომ ამ ორგანიზაციის ვალდებულებაა მკაფიოდ თქვას:
ჩვენი ქვეყნის და შესაბამისად ჩვენი ყველას თავისუფლება საფრთხეშია!
თქვას, თუნდაც ეს თავის არსებობად დაუჯდეს. გვიყვარხართ“, – წერს ბაღის ადმინისტრაცია.
„ბრძოლის წინა ხაზზე ჩვენ უნდა ვიყოთ” – მასწავლებლების პეტიცია
საჯარო და კერძო სკოლების, ასევე, არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. განცხადებაში მასწავლებლები წერენ, რომ “დღეს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია”. მათ პეტიცია შექმნეს, რომელსაც ამ დროისთვის (30 ნოემბერი, 20:00სთ) 738 მასწავლებელი აწერს ხელს:
უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკანა პლანზე სწევს რეჟიმი, ასუსტებს, საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს და სისტემის პროპაგანდისტულ სქემაში რთავს მასწავლებლებს, ამ პირობებში, მასწავლებლების ხმა უნდა ისმოდეს ბევრად უფრო ხმამაღლა და მქუხარედ!
მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ვდგავართ მათ გვერდით”.
მასწავლებლები წერენ, რომ დღეს მომავალი თაობების ევროპული მომავლის დაცვა სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანის პირდაპირი მოვალეობა და უპირველესი ამოცანაა. ისინი მოუწოდებენ კოლეგებს, “დადგნენ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს”: თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ!
მივიჩნევთ, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ ქვეყნის მომავლისა და ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საფინანსო სექტორი
* თბს
30 ნოემბერს თიბისი ბანკმა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი დგანან საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ქართველი ხალხის გვერდით.
“როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.
ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“, – ვკითხულობთ განცხადებაში