კომენტარი: ის ხალხიც კი, ვისაც ეს თორმეტი წელია, არაფერი გაუბედავს, ხმის ამოღებას იწყებს
გია ნოდიას კომენტარი
პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ბოლო მოვლენებზე შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ “ოცნების ხელისუფლება“ არასოდეს ყოფილა ისე მოწყვლადი, როგორც დღესაა. პირველად გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. მისივე თქმით, ის ხალხიც კი, ვისაც ეს თორმეტი წელია, არაფერი გაუბედავს, ხმის ამოღებას იწყებს.
გია ნოდია: “ამ მოვლენებმა გვიჩვენა, როგორი არაწინასწარმეტყველებადია ზოგადად პოლიტიკა და განსაკუთრებით ქართული პოლიტიკა.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, არჩევნების შემდგომ დღეებში მარცხის და ღრმა იმედგაცრუების განწყობა დომინირებდა.
მეც არ მქონდა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილის რეჟიმს რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. კი, ვფიქრობდი, რომ მთლად ბელარუსის დონეზე ჩვენი ჩამოყვანა გაუჭირდებოდა, მაგრამ დარწმუნებული არც ამაში ვიყავი.
ხელისუფლებამაც ჩათვალა, რომ ფონს იყო გასული, მოეშვა და დიდი სისულელე გააკეთა ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების სახით.
ახლა ერთბაშად გაჩნდა შემართებაც, ბრძოლის ჟინიც და გამარჯვების იმედიც. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების სისტემაში ნაპრალებმა თუ არა, პატარა ბზარებმა მაინც იჩინა თავი
ის ხალხიც კი, ვისაც ეს თორმეტი წელია, არაფერი გაუბედავს, ხმის ამოღებას იწყებს. ხშირად ორჭოფულად, არასაკმარისად მკაფიოდ, მაგრამ ტენდენცია მაინც კარგია. შეიძლება სამართლიანად ვბრაზდებოდეთ, აქამდე სად იყავითო, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი.
„ოცნების ხელისუფლება“ არასოდეს ყოფილა ისე მოწყვლადი, როგორც დღესაა. პირველად გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს.
არაფრის გარანტია არ არსებობს – ბიძინა იოლად არაფერს დათმობს და ბევრ რამეზეა წამსვლელი. წინასწარ გადაწყვეტილი არაფერია. მაგრამ “ოცნების” სისუსტეებიც თვალსაჩინოა.
რევოლუციური რომანტიკა არასოდეს მიტაცებდა. იმედი მქონდა, რომ “ვარდების რევოლუცია“ უკანასკნელი ასეთი მოვლენა იქნებოდა ჩვენს ისტორიაში. 2012 წლის ცვლილებაში ერთადერთი პოზიტიური ნიშანი დავინახე: ხელისუფლება რევოლუციის გარეშე შეიცვალა.
მაგრამ ახლა ივანიშვილმა თავად შექმნა რევოლუციური სიტუაცია. რა ვქნათ: ეტყობა, სხვასთან შედარებით ისევ ეს შეგვიძლია. პარტიებს ვერ ვქმნით, ზოგადად გრძელვადიანი თვითორგანიზაცია გვიჭირს, მაგრამ სპონტანური პროტესტი ხანდახან კარგად გამოგვდის. რაც შეგვიძლია, უნდა გავაკეთოთ
ხალხის ის ნაწილი, რომელსაც „საზოგადოება“ შეიძლება დავარქვათ, ცვლილებისთვისაა მობილიზებული და ხვდება, რომ რადიკალური ნაბიჯების გარეშე არაფერი გამოდის. იქითაც არის საზოგადოება, მაგრამ ის გაცილებით მცირერიცხოვანია და მორალურ გროგშია.
ვიმეორებ, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ რეალური შანსი გაჩნდა და ის არ უნდა დაიკარგოს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – “მივიღეთ გადაწყვეტილება”, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში “არ დავაყენოთ” ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
კობახიძის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკეები დღეს გამოიყენება შანტაჟისთვის და ქართული საზოგადოების გასახლეჩად.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება სახდეპის ვებგვერდზე ვრცელდება. მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან “ქართული ოცნების”ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.