"ქართული ოცნება" ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მორიგ რუსულ კანონს აინიციირებს
საკანონმდებლო ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ
“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” რუსული კანონის ჩაგდებიდან ზუსტად ერთ წელიწადში, საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ახალ რუსულ კანონს აინიციირებს. ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.” როგორც ბრიფინგიდან ირკვევა, ახალი კანონი მიმართული იქნება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.
ზუსტად ამ შინაარსის კანონი რუსეთში 2022 წელს მიიღეს.
რას გულისხმობს ცვლილებები კონსტიტუციაში
ინიციირდება ორი კონსტიტუციური კანონი – პირველი კონსტიტუციის 30-ე მუხლს შეეხება, სადაც 2017 წელს ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის კავშირს. ამ მუხლს მე-3 პუნქტი დაემატება, შემდეგი შინაარსით და ჩაიწერება, რომ – ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური, ანუ ამ, მეორე კანონით, ამ ცვლილებების მუხლები და პუნქტები მოიცავს:
- კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
- არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების, ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
- აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
- სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი მიეთითება, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს ემთხვევა.
- ბათილია საჯარო ხელისუფლების, ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
- აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
- აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის, ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენაა მიმართული.
- აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის, ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაცისკენ არის მიმართული.
● “5-6 ივლისის მოვლენები სათანადოდ ამ დრომდე არ არის გამოძიებული” – საია
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
აღნიშნული კანონპროექტის ინიციირების შესახებ ბრიფინგი მამუკა მდინარაძემ 29 თებერვალს გამართა. ბრიფინგზე მდინარაძემ “მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორიც” ახსენა. ამ ტერმინებს მუდმივად იყენებს თავის გამოსვლებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
მდინარაძემ ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა შეზღუდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონება და კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერა, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, ამის მიუხედავად, შეიძლება “აღმოვჩნდეთ” რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას.
მდინარაძის თქმით, “მთელ რიგ სახელმწიფოებში” დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. ასევე, მისი მტკიცებით, “აქტიურად გამოიყენება” ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ.
ეს პირველი მცდელობა არ არის საქართველოში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის ინიციირების. ამ შინაარსის კანონპროექტების პაკეტი პრორუსულმა, ჰომოფობიურმა პოლიტიკურმა პარტიამ „კონსერვატიულმა მოძრობამ” ტელეკომპანია „ალტ-ინფოს” წამყვანებთან ერთად გასული წის მაისშიც მოამზადა. პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და ჩაიწეროს, რომ იკრძალება „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა.“