პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ლგბტ პროპაგანდის შესახებ საუბარი არის ისეთივე ბოდვა, როგორიც იყოს ის, რომ ვიღაც ომში გვრთავდა
პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი ლგბტ პროპაგანდაზე
ლგბტ პროპაგანდის შესახებ საუბარი, არის ისეთივე ბოდვა, როგორიც იყოს ის, რომ ვიღაც ომში გვრთავდა. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად და არის მორიგი რუსული კანონი – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა “დღის ნიუსრუმში” ისაუბრა.
“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” რუსული კანონის ჩაგდებიდან ზუსტად ერთ წელიწადში, საქართველოს მმართველი პარტია ახალი რუსული კანონის მიღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ 29 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.” როგორც ბრიფინგიდან ირკვევა, ახალი კანონი მიმართული იქნება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.
ზუსტად ამ შინაარსის კანონი რუსეთში 2022 წელს მიიღეს.
პაატა ზაქარეიშვილი: “ეს არის ბოდვა, ისეთივე ბოდვა, როგორიც იყოს ის, რომ ვიღაც ომში გვრთავდა – აბსოლუტურად არაფერი საერთო ამას რეალობასთან არ აქვს, აშკარად არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რადგან უნდათ მემარჯვენე, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი მოსახლეობის თავის მხარეს გადმოყვანა.
იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ პროევროპული, პროდემოკრატიული ამომრჩეველი არ აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“ ან მინიმალურ დონეზე აძლევს. არავითარი საფრთხე არ არსებობს, ვერავინ გვიკარნახებს ჩვენ როგორი ღირებულებები უნდა ჰქონდეს.
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
● “ქართული ოცნება” რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრებას გეგმავს
● საქართველო: ახალი წესები მომიტინგეებისთვის – მანიფესტაციაზე კარვის გაშლა იკრძალება
რამდენი ხანია საბერძნეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა – ვიდრე საბერძნეთში არ მოვიდა ისეთი პარტია, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეტად შეამსუბუქოს ლგბტ საზოგადოების უფლებები, ვერავინ უკარნახა საბერძნეთს. საბერძნეთი შეგნებულად ვთქვი, რადგან მართლმადიდებლური სახელმწიფოა.
არ არსებობს არავითარი მსოფლიო მთავრობა, რომელიც ვიღაცას რაღაცას უკარნახებს, გამორიცხულია ეს! საქართველოში ეს თემა არ არის აქტუალური, საქართველოში ამაზე არავინ ლაპარაკობს, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ამბობს, რომ ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, აუცილებლად განვახორციელებთ ამ რეფორმებს ლგბტ საზოგადოების მიმართ. ესენი იგონებენ!
არავინ ლაპარაკობს ომზე და ესენი იგონებენ ომს და ქმნიან ილუზიას. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად და ეს მორიგი რუსული კანონია.”