"ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. იგივე კანონი ცოტა ხნის წინ რუსეთში მიიღეს
“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა
“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” რუსული კანონის ჩაგდებიდან ზუსტად ერთ წელიწადში, საქართველოს მმართველი პარტია ახალი რუსული კანონის მიღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.” როგორც ბრიფინგიდან ირკვევა, ახალი კანონი მიმართული იქნება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ.
ზუსტად ამ შინაარსის კანონი რუსეთში 2022 წელს მიიღეს.
მამუკა მდინარაძემ “მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორიც” ახსენა. ამ ტერმინებს მუდმივად იყენებს თავის გამოსვლებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
კონკრეტულად რას გულისხმობს საკანონმდებლო ინიცვიატივა
მდინარაძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაინიცირდება. როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაა.
“ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები,” – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, ახალი კანონის მიღების აუცილებლობას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს:
“საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს. შემაშფოთებელია, რომ ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, ზრდა კი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეს პროპაგანდა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა,” – განაცხადა მდინარაძემ.
● “5-6 ივლისის მოვლენები სათანადოდ ამ დრომდე არ არის გამოძიებული” – საია
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
● “შეხსნილი პიჯაკი რატომ გაცვიაო” – თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე არასრულწლოვანს თავს დაესხნენ
მდინარაძემ შეახსენა საზოგადოებას, რომ 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა შეზღუდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონება და კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერა, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
როგორც მდინარაძე განმარტავს, ამის მიუხედავად, შეიძლება “აღმოვჩნდეთ” რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას.
“დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ.”
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება პასპორტიდან “სქესის შესახებ ჩანაწერის” ამოღება.
ასევე მდინარაძე ამბობს, რომ “ფსევდოლიბერალები” საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, “თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე.”
მდინარაძის თქმით, “მთელ რიგ სახელმწიფოებში” დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. ასევე, მისი მტკიცებით, “აქტიურად გამოიყენება” ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ.
“მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.
ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.” – დასძინა მდინარაძემ.
ეს პირველი მცდელობა არ არის საქართველოში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის ინიცირების. ამ შინაარსის კანონპროექტების პაკეტი პრორუსულმა, ჰომოფობიურმა პოლიტიკურმა პარტიამ „კონსერვატიულმა მოძრობამ” ტელეკომპანია „ალტ-ინფოს” წამყვანებთან ერთად გასული წის მაისშიც მოამზადა. პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და ჩაიწეროს, რომ იკრძალება „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“.