"შეხსნილი პიჯაკი რატომ გაცვიაო" - თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე არასრულწლოვანს თავს დაესხნენ
თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე არასრულწლოვანს თავს დაესხნენ
თბილისში, ავტობუსში, არასრულწლოვან ლუკა აბოლთიას თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო არასრულწლოვანმა საკუთარ Facebook-ზე თავად გაავრცელა. მისი თქმით, ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მის “შეხსნილ პიჯაკს” მოჰყვა.
ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდას. მისივე თქმით, კაცი მოკვლით ემუქრებოდა.
“ეს “კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა, მე რა მეცმევა-თქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა გამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა.
მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112 დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით.
ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი “ქალი” მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს რადგან ცუდა ვარ ამას რო ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს.
ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში ვინც ჩემი უფლებები შელახა აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!
გახსოვდეთ ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გახსოვდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ! #ჰომოფობიაკლავს” . – წერს აბოლთია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
● საქართველოში უმცირესობებს პროტესტის უფლება არ აქვთ – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 43 პროცენტი
● რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა უმცირესობების შესახებ 2018-2021 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები 2002 წლის თებერვალში გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მოსახლეობის აღქმით, სიძულვილის ენის სამიზნეები ყველაზე ხშირად LGBTQ ადამიანები ხდებიან. რესპონდენტთა თქმით, საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებიც ყველაზე ხშირად LGBTQ ადამიანები არიან. ზოგადად, ამ მხრივ, მონაცემები არსებითად არ შეცვლილა.
2018 წელს, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC-საქართველოს) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (36 პროცენტი) მრავალფეროვნება ქვეყნისთვის საზიანო მოვლენა ეგონა, ხოლო 43 პროცენტი ფიქრობდა, რომ უმცირესობებს პროტესტის ქუჩაში გამოხატვის უფლება საერთოდ არ აქვთ.
2018 წელს ჰომოსექსუალებთან არა თუ პირად, არამედ საქმიან ურთიერთობებსაც კი არ ისურვებდა გამოკითხულთა 70 პროცენტი. მხოლოდ 22-მა პროცენტმა უპასუხა ამ კითხვას დადებითად.
გამოკითხვის ფარგლებში მონაწილეებს სთხოვეს დაესახელებინათ ის ჯგუფები, რომლებსაც მეზობლებად არ ისურვებდნენ. ნარკოდამოკიდებულების (67%) და კრიმინალების (67%) შემდეგ გამოკითხულებმა ლგბტ ადამიანები დაასახელეს – მათ მეზობლად არ ისურვებდა გამოკითხულთა 54 პროცენტი.