სააკაშვილი უახლოეს თვეებში უკრაინის დატოვებას და საქართველოში ჩამოსვლას აპირებს
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გეგმები დაკავშირებულია საქართველოსთან და არა უკრაინასთან.
ქართულ ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ის უკრაინას დატოვებს და საქართველოში ჩამოვა, რათა „ივანიშვილის მმართველობა დაასრულოს“.
• ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისთვის
უკრაინაში საკუთარი პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის ყველა რეიტინგში ლიდერობს, მაგრამ „ვერ შეძლებს სხვა საქმით დაკავდეს მანამ, სანამ არ შეაჩერებენ ქვეყნის (საქართველოს) ნგრევასა და განადგურებას“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში თავს კარგად გრძნობს, „თუმცა, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას“.
„თუკი ჩემთან ერთად ოდესის ქუჩებში გაივლით, სადაც ახლა ვიმყოფები, ნახავთ, რომ ყოველი მეორე ადამიანი ჩემთან მოდის და მერის არჩევნებში მონაწილეობას მთხოვს“, – განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, ის „ქართველ ხალხთან ერთად“ აპირებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „მმართველობის დასრულებას“.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს რევოლუციურ სცენარს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ეს არის სცენარი იმისა, რომ საქართველო არ იყოს დამცირებული“.
„მოდი, გადავდოთ პოლიტიკა გვერდზე. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, საქართველოს პატრიოტი, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, რომელსაც გული შესტკივა იმაზე, რომ ქვეყანა განადგურდა“.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში ერთდროულად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, თავის დაკავებას არ გამორიცხავს:
„დამაკავებენ თუ არა, ეს დამოკიდებულია ქართველ ხალხზე… მე არ შემშინებია ციხის უკრაინაში და, მით უფრო, არ მეშინია ჩემს ქვეყანაში… ისინი იმდენად სუსტები არიან, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ ქართველ ხალხს“, – განაცხადა მან.
• 2020 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო საპარლამენტო ქვეყანა, 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებული პარტია ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მართავს.
• საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. უკვე მეექვსე წელია ის ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა და ტელეკომპანია “იმედის” საქმე , დეპუტატის ცემა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა.
• სააკაშვილს აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ამ დროისთვის ის უკრაინის მოქალაქეა.
• სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციური პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობის“, საქართველოში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. საქართველოში ჩატარებული უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, მის პარტიას 9%-იანი მხარდაჭერა აქვს.