„ფორმულა“ - ასე ერქმევა ახალ ქართულ ოპოზიციურ არხს
„რუსთავი 2“ – ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც ეს არხი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის საკუთრებაში გადავიდა, ბიძგი მისცა საქართველოში ახალ მედიარეალობას.
დიდი ალბათობით, ერთი ოპოზიციური არხისთვის პრობლემების შექმნის სანაცვლოდ ხელისუფლება შემოდგომაზე ორ ოპოზიციურ არხს მიიღებს.
საქართველოში, სადაც მოსახლეობის 70 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, ამ სფეროში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება საყურადღებო ხდება.
მედიაბაზარზე დღეს მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმის გამოც იძენს, რომ ზუსტად ერთ წელიწადში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა ამიტომ, ის ვინც ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, ქვეყნის მართვის სადავეებიც მას ექნება.
______________________
ტელეკომპანია „რუსთავი2“ – ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ტელეკომპანიის გარდა, უკვე ცნობილია, რომ ოქტომბრიდან მედიაბაზარზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია გამოჩნდება.
„ფორმულა“ – ასე ერქმევა ახალ არხს, რომელსაც კომპანია „ფორმულა კრეატივი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის.
ეს კომპანია წლების განმავლობაში თავის ვიდეო-პროდუქციას, მათ შორის პოპულარულ სერიალს „ჩემი ცოლის დაქალებს“, რუსთავი 2-ის ეთერში უშვებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-მა მფლობელი შეიცვალა, კომპანიის ხელმძღვანელობამ ამ არხთან კავშირის გაწყვეტისა და ახალი ტელევიზიის დაარსების შესახებ განცხადება გააკეთა.
„ფორმულა კრეატივში“ მიაჩნიათ, რომ მფლობელის შეცვლასთან ერთად, აუცილებლად შეიცვლება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა და იგი ხელისუფლების ინტერესების შესაბამისი გახდება. ასევე, ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის ხელში კონცენტრირებული ტელემედია სახიფათოა.
ახალი ტელევიზია თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ასევე მზარდი რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას ასახელებს.
უკვე ცნობილია, რომ „ფორმულას“ მთავარი დამფინანსებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი იქნება. თუმცა, როგორც „ფორმულა კრეატივის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზუკა გუმბარიძე ამბობს, კომპანია სხვა ინვესტორებსაც ესაუბრება.
კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება?
განცხადება იმის შესახებ, რომ ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლას აპირებს, თავად კეზერაშვილმა უკვე გააკეთა ფეისბუკ-პოსტის სახით.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი პირველი ყოფილი ჩინოვნიკი იყო, ვის მიმართაც ახალმა ხელისუფლებამ ერთდროულად რამდენიმე საქმე აღძრა. ის საქართველოდან 2012 წელს წავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ხელისუფლება მას „ტელეიმედის“ უკანონო გასხვისების საქმეში, „სპირტის კონტრაბანდის“ საქმესა და 13 მილიონი ლარის ქრთამის აღებაში, ასევე თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში თითქმის 6 მილიონი ევროს გაფლანგვაში სდებდა ბრალს.
თუმცა, ამ ეტაპზე გამამტყუნებელი განაჩენი არც ერთ საქმეზე არ დამდგარა. ყველა ამ ეპიზოდში სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა.
ორი დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილი გამართლდა ისრაელში მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც.
საქმეს, რომელიც კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება, ისრაელში ოთხი წლის განმავლობაში იძიებდნენ და იგი ქრთამის აღების ფაქტს ეხებოდა.
ისრაელში საქმე აღძრული იყო ისრაელის არმიის (IDF) გენერლის, სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის ხელმძღვანელის, გალ ჰირშის წინააღმდეგ. მის წინააღმდეგ ერთ-ერთი სერიოზული ბრალდება იყო სწორედ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოქრთამვა.
ისრაელის სასამართლომ ჰირში კორუფციის ბრალდებაში გაამართლა და არ დაადასტურა ისიც, რომ ჰირშმა ქრთამი გადაიხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებულ მომგებიან ხელშეკრულებაში.
ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის გვარი Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ დოკუმენტებშიც ფიგურირებს. იქ წერია, რომ 2008 წელს, თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებიდან ათ დღეში კეზერაშვილის რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა.
___________________
შპს „ფორმულამ” უკვე შეიტანა მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
განაცხადში აღნიშნულია, რომ „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.
ასევე უკვე ცნობილია, რომ ახალ ტელეკომპანიას საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება. ანუ ეთერში გავა როგორც ახალი ამბები და პოლიტიკური გადაცემები, ასევე თოქ-შოუები და გასართობი პროგრამები.
დიდი ალბათობით, ახალ არხზე გადაინაცვლებენ „რუსთავი 2“-იდან წამოსული ჟურნალისტებიც.
ამ არხზე გავა ასევე პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. ეს სერიალი თითქმის რვა წელი გადიოდა რუსთავი 2-ის ეთერში და ამ ხნის განმავლობაში ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროდუქტი იყო.