ქართული ფილმი აგვისტოს ომის შესახებ ოსკარისთვის იბრძოლებს
2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმი წარდგენილი იქნება ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ საქართველოდან, კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.
რეჟისორ დიტო ცინცაძის სრულმეტრაჟიან ფილმს „შინდისი“ ჰქვია.
შინდისი, ეს არის ქართული სოფელი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ამ სოფელში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ფილმის ტრეილერში რეჟისორი ამბობს, რომ სცენარი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებსა და ისტორიებზე გლეხებისა და ჯარისკაცების, რომლებიც ომის გმირები გახდნენ.
ყოველწლიურად, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ფარული კენჭისყრით ირჩევს ოსკარზე წარსადგენ ფილმს.
მხოლოდ ერთხელ მოხდა ქართული ფილმის არჩევა კინოაკადემიის მიერ „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიაში. ეს იყო 1996 წელს – რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რომელშიც მთავარ როლს პიერ რიშარი ასრულებდა.
2014 წელს, ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ ასევე მოხვდა ოსკარის ნომინანტთა სიაში. თუმცა, ეს ფილმი წარადგინა არა საქართველომ, არამედ ესტონეთმა.
„მანდარინებიც“ ომის შესახებაა – აქ სიუჟეტი 1992 წელს, აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ვითარდება.
მოხვდება თუ არა ქართული ფილმი „შინდისი“ ამჯერად ნომინანტთა სიაში, ეს ცნობილი მხოლოდ იანვარში გახდება – სწორედ მაშინ გამოაცხადებს ამერიკის კინოაკადემია ნომინანტთა სიას.