კახა კალაძე: ე.წ მეგობრებს აქვთ მცდელობები, როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. კიდევ რა თქვა თბილისის მერმა
კახა კალაძის ინტერვიუ
დედაქალის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ე.წ მეგობრებს აქვთ მცდელობები, როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. მისივე განმარტებით, კარგად იცის ევროპული ღირებულებები, “მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ მონა უნდა იყო, მიუღებელია.”
კიდევ რა თქვა დედაქალაქის მერმა:
● “ხელისუფლების მხრიდან გარწმუნებთ, რომ ყველაფერი იქნება გაკეთებული, იმისთვის, რომ სტატუსის მიღება მოხდეს. თუმცა მე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს.”
● “მთელი ჩემი წარსული ცხოვრება დაკავშირებულია ევროპასთან, მთელი ჩემი წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას, მაგრამ, მეგობრებო, როცა გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ, უნდა ვიაროთ ევროპაშიც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია.”
● მეორე ფრონტთან დაკავშირებით განცხადებები ხომ არ შენელებულა, ხომ არ გამქრალა ეს განცხადებები. თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნიდან? რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ჩვენზე განვითარებულები ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენს ქვეყნებში. გამოდით, ეომეთ, კაცო. იომეთ, ვინ დაგიშალათ? საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება? სამწუხაროდ და საუბედუროდ? ჩვენ ხომ გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. რა გინდათ ამ ქვეყნიდან?
● “მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფვით ევროპისკენ, რატომ, რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, რატომ უნდა იყოს გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა. კიდევ ეს გვინდა ჩვენ? აი ეს არის რეალობა.”
● “იმ აქციაზე იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლა ევროპული მომავალი [უნდა] და ეს თემა მათთვის წითელი ხაზია. ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. მაგრამ, იყო უამრავი ადამიანი იქ – “გირჩის” ახალგაზრდული, რომელიც სპეციალურ ტრენინგებს გადის, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული, “ფრანკლინის სკოლა”, რომელიც საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, ზოგადად და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ამასთან დაკავშირებით.”
● “დააკვირდით, როდესაც დაიწყო ეს შეტაკებები – მოლოტოვის კოქტეილები, ქვების სროლა, სპეცრაზმის ჯგუფი დაიხევდა უკან და მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ, იგივე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ გარკვეული არეულობები და დაპირისპირებები კიდევ უფრო სიღრმეებში წასულიყო. მაგრამ, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირაონ.”
● მერაბიშვილმა ვინ უნდა გადააბრუნოს? არც ფიქრის შესაძლებლობა აქვს, არც ფიქრის უნარები აქვს. რა უნდა გადაატრიალოს მერაბიშვილმა ან ხაბეიშვილმა?
● სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის დაცული – შენ შეგიძლია, რაღაც გარკვეული საკითხებით გამოხვიდე, რაღაც ფორმით გააპროტესტო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო კანონის ფარგლებში. თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რაღაც დაპირისპირება მოაწყოს, სისხლისღვრა მოაწყოს, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.
● მოკლედ გიყვებით, რა თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ანტირუსულ აქციებზე. ძირითადი მესიჯები
● “შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ” – საქართველოს პრემიერის ინტერვიუ. კიდევ რა თქვა ღარიბაშვილმა
● “შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო” – დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკვე მესამე მაღალი რანგის ჩინოვნიკია, რომელმაც 7-9 აპრილის აქციების შემდეგ მკვეთრად ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერა და ახალგაზრდები სხვადასხვა “რეაქციულ” პოლიტიკურ ჯგუფებს დაუკავშირა.
თავდაპირველად საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო “TVიმედთან” ვრცელ ინტერვიუში 7-9 მარტის მოვლენებზე განაცხადა, რომ “შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა აქციის ორგანიზატორებს თავადვე მოეკლათ.” მისივე თქმით, “სჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს, რადგან კორუფციის სკანდალში 100 ევროპარლამენტარია გახვეული.”
“ახალგაზრდებისთვის ტვინების გამორეცხვის მიზნით არის შექმნილი ორგანიზაცია “ფრანკლინის კლუბი”, სადაც სტუდენტებს და უფროსკლასელ არასრულწლოვანებს ლექციებს უტარებენ “რეაქციონერი ნაციონალები” (ლევან რამიშვილი, გია ნოდია), ასევე “ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები” (ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე) . მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ი, რომელიც “მთელ მსოფლიოში ძალადობრივ და არაძალადობრივ პროტესტებს აორგანიზებს”. – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ ბრიფინგი გამართა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ფაქტობრივად გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები და აღნიშნა, რომ მომიტინგეების უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა” და “გლობალური ომის პარტია”, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალება, საქართველოს ომში ჩათრევა და “აქ მეორე ფრონტის გახსნაა.”
კობახიძემაც ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდების “რეკრუტირება” ხდება იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც “ნაციონალები” არიან მენეჯმენტში და ლექციებსაც ძირითადად ისინი კითხულობენ. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტებია – კახა ბენდუქიძის “თავისუფალი უნივერსიტეტი” და გიული ალასანიას “შავი ზღვის უნივერსიტეტი”.
ასევე, მან სიტყვასიტყვით გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილების “ფრანკლინის კლუბთან”, დაკავშირებით, “სადაც სტუდენტებს და უფროსკლასელ არასრულწლოვანებს ლექციებს უტარებენ “რეაქციონერი ნაციონალები.”
● ივანიშვილის ადვოკატი: რატომ იყო საჭირო ამ კანონის ინიციირებით ვნებათაღელვის გამოწვევა?
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
17 თებერვალს ოცნების სატელიტმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
როგორც ამას პროცედურები ითვალისწინებს, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამ ორიდან ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 7 მარტს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.
კანონის ინიციირებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზი.
ამ კანონპროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, მთავრობის გარდა, რუსულ კანონს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის დიდი ბარიერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საბოლოოდ, უმრავლესობამ „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა.
რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ კანონის არმიღებით საზოგადოებამ “ხელიდან შანსი გაუშვა”. “ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა.