ივანიშვილის ადვოკატი: რატომ იყო საჭირო ამ კანონის ინიციირებით ვნებათაღელვის გამოწვევა?
ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი სომხურ მედიასთან ამბობს, რომ ე.წ. “აგენტების კანონის” ინიციირება საჭირო არ იყო და ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც ყიფიანი განმარტავს, კანონპროექტი თავისი სამართლებრივი შინაარსით არის საკმაოდ უმტკივნეულო “და არაერთგზის ითქვა”, რომ არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არასამთავრობო სექტორს არ მიაყენებდა – არც საქმიანობის შეზღუდვაზე არ იყო საუბარი და არც სხვა შეზღუდვებზე:
“უკეთ იყო ასახსნელი კონტექსტი… თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ კანონპროექტს მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მაშასადამე, სამუშაო უნდა წარმართულიყო ორივე მიმართულებით [ქვეყნის შიგნით და გარეთ]. სამართლებრივი ტექნიკის, სამართლებრივი შინაარსის კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი, ის არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არ უკავშირდება, მაშინ მით უმეტეს მინდა დავსვა ასეთი რიტორიკული კითხვა – მაშინ, რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს რატომ იყო აუცილებელი ამ კანონის ინიციირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?”
ყიფიანის თქმით, ახლა, ამ ვითარებაში ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა “ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს”, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია.
“როგორც ბიზნესშია, SWOT ანალიზით არის პლუსები და არის მინუსები. კანონპროექტის ინიციატორებს, როგორც მინიმუმ, ასეთი სავარჯიშო უნდა ჩაეტარებინათ და ჩამოეწერათ ამ კანონპროექტის ინიციირებით რა არის პლუსები და რა მინუსები. ჩემი აზრით, მინუსების სვეტი გაცილებით უფრო ჭარბი იქნებოდა.” – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.
● “შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ” – საქართველოს პრემიერის ინტერვიუ. კიდევ რა თქვა ღარიბაშვილმა
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
● გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები – მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
17 თებერვალს ოცნების სატელიტმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
როგორც ამას პროცედურები ითვალისწინებს, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამ ორიდან ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 7 მარტს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.
კანონის ინიციირებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზი.
ამ კანონპროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, მთავრობის გარდა, რუსულ კანონს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის დიდი ბარიერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საბოლოოდ, უმრავლესობამ „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა.
რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ კანონის არმიღებით საზოგადოებამ “ხელიდან შანსი გაუშვა”. “ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა.