დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება. ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს
ოპოზიცია, რომელიც 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, კახეთში, გურჯაანში, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავს.
დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის ზომად პატიმრობა განუსაზღვრა 17 დეკემბერს დაკავებულ გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ და მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს დავით კირკიტაძეს.
• ინაუგურაცია შედგა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს
• ოპოზიციის მიტინგი თბილისში. ფოტოები
კირკიტაძე მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც 16 დეკემბერს, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, პოლიციელებთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართა. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი გახდა.
ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან ოპოზიციის რამდენიმე ასეული მხარდამჭერია შეკრებილი. ახლომდებარე ტერიტორიაზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები – მობილიზებულია პოლიციელთა უპრეცედენტო რაოდენობა, სასამართლოს ეზოში კი პოლიციის კორდონია აღმართული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხელი არ შეუშალონ მათ ფუნქციონირებაში, წერს „ნოვოსტი გრუზიი“.
მომიტინგეების წინ აღმართული კორდონის პირველ რიგებში ქალი პოლიციელები დგანან. ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა მათ ყვავილები აჩუქეს.
ოპოზიცია დავით კირკიტაძეს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და აპირებს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოსა და, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.
ამას გარდა, ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
თვითონ კირკიტაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ სასამართლომ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.
„ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გახშირდა პოლიციელთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების შემთხვევები, ეს ტენდენცია უნდა დასრულდეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციონერი დავით კირკიტაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ბრალდებული, რაც მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე ან პოლიციის ტრანსპორტზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოპოზიცია პოლიციას კვირას, ქალაქ თელავთან დაუპირისპირდა, როდესაც მათი ავტოკოლონა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციის მოსაწყობად მიემართებოდა.
თუმცა, იმ დღეს ოპოზიციის ავტოკოლონა თელავში ვერ მოხვდა, რადგან პოლიციამ მათ ქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა გადაუკეტა.
გზები ჩახერგილი იყო ავტობუსებით, სატვირთო მანქანებითა და პოლიციის კორდონებით.
პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, ასევე, შსს-ს ცნობით, დაზიანება მიიღო 10-მა სამართალდამცველმა.
„ძალა ერთობაშია“ მათი თანამოაზრის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, პოლიცია თვითონ არღვევდა კანონს, როდესაც მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაში ხელის შეშლას ცდილობდა.