"გაათავისუფლეთ სააკაშვილი" - ევროპარლამენტის ECR ჯგუფი ხელისუფლებას მიმართავს
ევროპარლამენტის ECR ჯგუფი ხელისუფლებას მიმართავს
ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
ამის შესახებ ECR-ის ჯგუფმა Twitter-ზე დაწერა. ისინი დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
“დიდი პატივი იყო ჯგუფის დღევანდელ მიღებაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრა. როგორც ექსპრეზიდენტის შვილი და ადვოკატი ადასტურებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ECR ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის“, – წერია განცხადებაში.
It was a great honour to welcome members of the family of @SaakashviliM to our group meeting today.
— ECR Group (@ecrgroup) December 13, 2022
As the former president’s son & lawyer confirm, his health is severely deteriorating.
The ECR Group calls on the Georgian authorities to immediately release him. #SaveMisha pic.twitter.com/mVmBNp0GSA
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა, სასამართლო სხდომა გადაიდო და ის 14 დეკემბერსაა ჩანიშნული.
12 დეკემბერს, სტრასბურგში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. მისი თქმით, “ჩვენ არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება, გარდაიცვალოს ციხეში.”
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები – გიული ალასანია, სანდრა რულოვსი, ედუარდ სააკაშვილი; ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი და სააკაშვილის უცხოელი ადვოკატი მასიმო დანჯელო იღებდნენ. მათ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გაათავისუფლონ სააკაშვილი პატიმრობიდან.
იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმასთან” კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასევე, აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს “ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას”.
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
6 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს მოინახულა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო.
კარდიოლოგ გიორგი კაჭარავას თქმით, ექსპრეზიდენტმა ჯობია, გამოიცვალოს სამკურნალო ადგილი, ხოლო ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, “მნიშვნელოვნად” არის გაუარესებული.
ასევე, ექიმების განმარტებით, მესამე პრეზიდენტს აქვს მეოთხე დონის კახექსია, რაც გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს დარჩენილი.
თავად სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელი გადავადების მოთხოვნას შეესაბამება.
ასევე, 2 დეკემბერს გამოქვეყნდა ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზა, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს. დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
პირველ დეკემბერს ცენტრმა “ემპათია” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სააკაშვილს ოცზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი აქვს – მათგან, დაახლოებით ათი პატიმრობასთან შეუთავსებელია.
“ემპათიაში” აცხადებენ, რომ ძირითადი დიაგნოზები არ საჯაროვდება. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი – ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.