ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულებზე: საწყალი ბიჭები. ომის პარტიის ორგანიზებულია ეს, თანამოქალაქეები მათ მიჰყავთ უკრაინაში
საქართველოს პრემიერი
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბახმუტში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა და კვლავ “ომის პარტიაზე” [“ნაციონალურ მოძრაობაზე} ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს მათ სამშობლოში გადმოსასვენებლად – “ჩვენი თანამოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები.”
ღარიბაშვილი ამბობს იმასაც, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში “ომის პარტიას” მიჰყავს.
“მათი ორგანიზებულია ეს, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა აცილებული თავიდან, ჩვენი ხელისუფლების მიერ. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა მათი რეალური ლიდერი და მმართველობა 2008 წელს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. რაზე საუბრობენ საერთოდ. როგორ ბედავენ. საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს.” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე განმარტებით, მთავრობა და საელჩოები ყველაფერს აკეთებენ და მათი გადმოსვენების ხარჯებს და სამხედრო პატივით დაკრძალვას, მთავრობა გაიღებს, “ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პიარის გარეშე.”
“ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით, ეს არის გონივრული პოლიტიკა, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა ომით და მით უმეტეს, [რუსეთის] წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით. კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ პოპულისტ ფარისევლებს.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ადამიანი გარდაიცვალა ომში და “ყალბი პოლიტიკოსები” ცდილობენ დივიდენდების მიღებას. პრემიერი განმარტებით, ამაზე ამორალური არაფერი არსებობს. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გონივრული პოლიტიკის შედეგად საქართველომ აიცილა მეორე ფრონტი:
“მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე იქნა თავიდან აცილებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, არიან ოპოზიციიდან და იქიდან ცდილობენ ომის დაწყებას, მეორე ფრონტის გახსნას, ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?”
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს აყენებს შეურაცხყოფას.
“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ახალი არ არის. ეს მათი პროპაგანდაა, რომელიც რუსეთისა და კრემლის პროპაგანდასთან ერთი-ერთშია. ერთადერთი, რაც ახლა ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე უფრო შეურახმყოფელია, არის ის, რომ იმ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, იმ ადამიანებს, ვინც ბახმუტში ალყაში იყვნენ მოქცეული – აი, ამ ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ ბრძოლაში ვიღაცის შეკვეთით მიდიხართო. ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ თავისუფლებისთვის ადამიანმა თავი გაწიროს. ამიტომ, მის ამ განცხადებაში ამ ადამიანების შეურაცხყოფა არის ყველაზე უფრო საშინელი და ამაზრზენი. ამ მებრძოლებს აყენებს შეურაცხყოფას იმიტომ, რომ შიდა პოლიტიკური შუღლისთვის ასე სჭირდება.” – განაცხადა დეკანოიძემ.
●”ხილული კავშირები რუსეთთან” – ანა ფოტიგამ ბრიუსელში კონფერენცია გამართა
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
● “გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა რუსეთ-უკრაინას შორის” – ილია II-ის მილოცვა რუსეთის პატრიარქს
3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.