4 მილიონი, ექს-მინისტრი სარდაფში და მკვდარი ალიგატორები. ოქუაშვილის ინტერვიუ მოკლედ
“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, გადაცემა “კვირის აქცენტებს” სკანდალური ინტერვიუ მისცა. ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, ჰყვება, როგორ გამოსძალა მას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 4 მილიონი.
ოქუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა.
ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად ახსენებს სარდაფში მომხდარ ინციდენტს, თუმცა კონკრეტულ დეტალებს არ ჰყვება.
ინტერვიუში, რომელიც თითქმის საათნახევარს გაგრძელდა, სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიცაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრები შსს მინისტრის და მკვდარი ალიგატორების მონაწილეობით. ასევე კერძო კომერციულ ბანკებზე ზეწოლის ისტორია, რომლის სათავეშიც ასევე ბიძინა ივანიშვილია.
ჩვენ მოკლედ შევაჯამეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ოქუაშვილის ინტერვიუდან.
____________________
პირველი შეხვედრა ივანიშვილთან და “ოცნების ცისარტყელა”
როგორც “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, პირველად ბიძინა ივანიშვილს ის დაახლოებით 2015 წელს ან 2016 წლის დასაწყისში შეხვდა.
„ომეგა ჯგუფი“ ოქუაშვილმა 1991 წელს დაარსა. დღეის მდგომარეობით ამ კომპანიის საქმიანობა ძალიან დივერსიფიცირებულია. „ომეგა“ მოიცავს „ომეგა მოტორსს“ ( კომპანიები: BMW, Mini, Iveco, Opel, Chevrolet, Maserati და Bentley); კომპანია „ოჯთ“-ს (სიგარეტების წარმოება, Philip Morris, Rothmans და R.J.Reynolds-თან პარტნიორობის ფარგლებში); და „ომეგა თეგი“ (სტამბა Heidelberg-თან პარტნიორობის ფარგლებში).
“ომეგა ჯგუფი” ფლობს ტელეკომპანია “იბერიას”, რომელიც თბილისში მაუწყებლობს.
სააკაშვილის მმართველობის დროს ოქუშვილის ბიზნესს პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ის იძულებული გახდა 2004 წელს საქართველო დაეტოვებინა.
ქვეყანაში ოქუაშვილი მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ეს ოჯახი ღიად უჭერდა მხარს “ქართულ ოცნებას” სააკაშვილთან ბრძოლაში.
ოქუაშვილის მეუღლე – ნატო ჩხეიძე 2016 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა ხელისუფლების სატელიტი ოპოზიციური პარტიიდან, “პატრიოტთა ალიანსი”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ომეგა ჯგუფს” პრობლემები აქვს, სექტემბერში გავრცელდა. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა “ომეგა ჯგუფის” ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს.
28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ “ომეგა” ჯგუფს 50 მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა და ამ ვალის დასაფარად “ომეგა ჯგუფის” ქონება აუქციონზე უნდა გავიდეს.
ივანიშვილთან შეხვედრაზე მისული ოქუაშვილის მთავარი თხოვნა იყო “სამართლიანობის აღდგენა”, ანუ იმ ზარალის ანაზღაურება, რაც მისი თქმით, მის ბიზნესს სააკაშვილის მმართველობის დროს მიადგა. [ივანიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის ყველა დაჩაგრული ბიზნესმენის საქმეს შეისწავლიდა და მათ მიმართ სამართლიანობას აღადგენდა].
შეხვედრა, რომელიც ივანიშვილის შუშის სასახლეში გაიმართა, სპორტის ყოფილი მინისტრის – ლევან ყიფიანის შუამდგომლობით შედგა.
მანამდე ლევან ყიფიანი თავად დაუკავშირდა ოქუაშვილს და შესთავაზა, რომ მთავრობასთან მისი შუამავალი იქნებოდა – ე.წ. “ლობისტობას” გაუწევდა. ოქუაშვილი ყიფიანის წინადადებას დათანხმდა და ლობისტობის სანაცვლოდ, როგორც თავად ამბობს, სოლიდური ხელფასიც დაუნიშნა.
ოქუაშვილი იხსენებს, რომ ივანიშვილთან პირველმა შეხვედრამ მშვიდ და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა – ყოფილი პრემიერი მას პრობლემების მოგვარებას დაპირდა და რამდენჯერმე “შეაქო” კიდეც.
მთავარი ისტორია ამ შეხვედრის შემდეგ იწყება.
ცოტა ხანში ზაზა ოქუაშვილს უკავშირდება ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. [ ფარცხალაძე უკვე 5 წელია აღარაა პროკურორი, თუმცა ის ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთ უახლოეს წევრად რჩება].
ფარცხალაძე მას შეხვედრაზე იბარებს და ეუბნება, რომ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ 4 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. ამ თანხას ფარცხალაძე “კონტრიბუციას” ეწოდებს.
“მან [ფარცხალაძემ] მითხრა, რომ ჩემთვის იხსნებოდა ცისარტყელა, ოცნების ცისარტყელა, [რომ] ბევრი საქმე მეკეთებინა და ამ ცისარტყელას გახსნისთვის 4 მილიონი იყო საჭირო”, – ჰყვება ოქუაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
ოქუაშვილმა ფარცხალაძეს უთხრა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან გააგრძელებდა მოლაპარაკებებს, რაზეც ფარცხალაძემ უპასუხა:
“აბა მე ვისგან მოვდივარ, ზაზა?”
ოქუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ფარცხალაძე შეიარაღებული ადამიანებით იყო გარშემორტყმული, რომელთა უმრავლესობა (თავად ფარცხალაძის ჩათვლით), სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
სარდაფში გამომწყვდეული ექს-მინისტრი
ფარცხალაძესთან საუბრის შემდეგ ოქუაშვილი დახმარებას ლევან ყიფიანს სთხოვს.
ოქუაშვილის თქმით, ის დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ ყიფიანი არა “ლობისტი” არამედ “ივანიშვილის მოგზავნილი” იყო, თუმცა მაინც გადაწყვიტა მისთვის მიემართა.
ყიფიანმა, რომელიც ივანიშვილთან ფარცხალძესავით დაახლოებული არ არის, ამ ისტორიის გასარკვევად იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიაკითხა.
პრემიერი კვირიკაშვილი საქმეში ჩახედული არ აღმოჩნდა და დეტალების გასარკვევად ბიძინა ივანიშვილს თავად დაუკავშირდა.
რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში კვირიკაშვილის ჩართულობამ ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა.
https://www.youtube.com/watch?v=ncu2PZzyQuo
როგორც ოქუაშვილი ამბობს, კვირიკაშვილისთვის “ამბის მიტანის” და “ზედმეტი სიარულის” გამო ყიფიანი მკაცრად დაისაჯა – სპორტის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაიყვანეს, გააშიშვლეს, სცემეს და როგორც “რუსთავი2″ ავრცელებს ინფორმაციას, გაუპატიურებით დაემუქრნენ.
ოქუაშვილის თქმით, ყიფიანი მხოლოდ მეორე დღეს მივიდა სახლში:
„ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი [ყიფიანი] ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეურაცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა… დაიკარგა ლევანი იმ ღამეს. ჩვენ სუყველა განვიცდიდით”.
ერთ-ერთ ჩანაწერში, სადაც თითქოსდა ერთმანეთს სკაიპით ესაუბრებიან ყიფიანი, ოქუაშვილი და „ომეგა ჯგუფის“ კიდევ ორი წარმომადგენელი, ლევან ყიფიანი მართლაც ახსენებს მისი სარდაფში ჩაყვანის ინციდენტს და მას “ავარიად” მოიხსენიებს (სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ტელეფონში ღიად საუბარს ერიდება). ჩანაწერში სარდაფის ინციდენტზე უფრო მეტს და ღიად საუბრობს ოქუაშვილი, ყიფიანი კი მის სიტყვებს არ უარყოფს.
მეორე შეხვედრა ივანიშვილთან: მკვდარი ალიგატორები, გაწითლებული შს მინისტრი და ოთხი თითი
როგორ ოქუაშვილი იხსენებს, მეორე შეხვედრა ივანიშვილთან 2016 წლის ბოლოს შედგა და ბევრად უფრო დრამატული აღმოჩნდა.
ამ შეხვედრას ივანიშვილთან და ოქუაშვილთან ერთად ამჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია (მაშინ ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობა ეკავა) და ლევან ყიფიანი ესწრებოდნენ.
ოქუაშვილი ამბობს, რადგან ფარცხალაძემ მას ფული ვერ გამოსძალა, საქმეში უკვე თავად ივანიშვილი ჩაერთო – მეორე შეხვედრაზე ივანიშვილი იძულებული გახდა პირადად მოეთხოვა ოქუაშვილისთვის 4 მილიონი, რის გამოც ძალიან გაღიზიანებული ჩანდა.
“ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. ბიჭები თვითონ იყო რეალურად”, – ამბობს ოქუაშვილი.
„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრის დროს ყვიროდა და “რადიკალურად განსხვავდებოდა იმ პირისგან, რომელსაც საზოგადოება ეკრანიდან იცნობს”.
„ ტახტზე აქვს ერთი ათი ალიგატორი, გატყავებული ნიანგი. სანამ იქ ვიჯექით ნიანგის ტყავებში, გახარია ძალიან ცუდ პრესში იყო. უყვიროდა მას და საკმაოდ აგრესიას ავლენდა. პირველ შეხვედრაზე ცდილობდა ყოფილიყო თავშეკავებული. მეორე შეხვედრაზე… ალბათ, იმიტომაც რომ თვითონაც იყო იძულებული თავის პირით თითებით და ხელებით აეხსნა, რომ უნდა მიმეცა 4 მილიონი ეტყობა ამაზე აღგზნებული და გაღიზიანებულ იყო, ყვიროდა და უყვიროდა გახარიას, შევედი და გახარია იყო აბსოლუტურად წითელი“, – ამბობს ოქუაშვილი.
რაში დასჭირდა რამდენიმე მილიარდის მფლობელ ბიძინა ივანიშვილს ოქუაშვილისთვის 4 მილიონი ლარის გამოძალვა?
ამ კითხვაზე პასუხისას ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ასეთი ფრაზა ახსენა, რომ “ბიჭებისთვის საკუთარი ფულის ხარჯვა უწევს”. ბიჭებში მისი თქმით, იგულისხმებოდნენ პარტიული მუშაკები და ივანიშვილის მიმართ ლოიალური სხვა ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილი ფინანსურად კვებავს და ამ საქმისთვის საკუთარი ფულის დახარჯვა არ სურს.
ოქუაშვილის თქმით, მეორე შეხვედრისთვის ივანიშვილმა შეისწავლა მისი ბიზნესის სუსტი წერტილები და დახმარების სანაცვლოდ, ამ სუსტი წერტილების სათავისოდ გამოყენებას შეეცადა.
ასევე წაიკითხეთ: ანეკდოტი თუ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი? პოლიტიკოსების და ექსპერტების გამოხმაურებები ოქუაშვილის ინტერვიუზე
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს ზოგადად ივანიშვილის მართვის სტილია – ის ცდილობს აკონტროლოს და გავლენის ქვეშ ჰყავდეს ბიზნესი:
“შეხვედრების დროს მოიხსენია და გვანახა როგორი გავლენა აქვს, მაგალითად კეზერაშვილზე [ბიზნესმენი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი სააკაშვილის ხელისუფლების დროს]. კეზერაშვილი ჰყავს გამოჭერილი და რასაც უნდა გააკეთებინებს. დაასახელა კეზერაშვილი, „საქართველოს ბანკი“, – განაცხადა ოქუაშვილმა.
ოქუაშვილის თქმით, ფარცხალაძის გარდა, ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას დღეს წარმოადგენენ მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ასევე შს მინისტრი გახარია და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. ოქუაშვილის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის განსაკითრებულ დავალებებს ასრულებენ და მისი სახელით მოქმედებენ.
ოფშორში გადარიცხული 4 მილიონი
ოქუაშვილის ინტერვიუს ერთ-ერთი სკანდალური ნაწილი ხელისუფლებისა და კერძო კომერციული ბანკების ურთიერთობას უკავშირდება.
ბიზნესმენი ამბობს, საბოლოოდ მას მაინც მოუწია ბიძინა ივანიშვილისთვის 4 მილიონი ლარის გადახდა.
„4 მილიონი უნდა დაენახათ როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ“,- ამბობს ოქუაშვილი და ამ თანხის გადახდის პროცესიც, რომელსაც ოქუაშვილი ჰყვება:
მისი თქმით, ფული მან ოფშორში დარეგისტრირებულ ფირმაში გადარიცხა. ფირმა თანხის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე დაარეგისტრირეს და ანგარიშიდან 4 მილიონი იმავე დღეს – თი ბი სი ბანკში გაანაღდეს.
ბანკს არა აქვს უფლება ერთი დღის დარეგისტრირებული კომპანიის ანგარიშიდან ამ ოდენობის თანხა გასცეს, თუმცა როგორც ოქუაშვილი ამბობს, ბანკის ხელმძღვანელობამ ზეწოლას ვერ გაუძლო.
მისი თქმით, ბანკზე ზეწოლას იმჟამინდელი ბიზნესომბუდსმენი და ახლანდელი შს მინისტრი გიორგი გახარია პირადად ივანიშვილის დავალებით ახდენდა.
“ეს მოხდა “თიბისი ბანკში”. დაიბარეს დირექტორები … ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ხაზარაძე. [ისინი] დაიბარა გახარიამ. [ბანკში] რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი [ყიფიანი]. “თიბისი ბანკს” უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. მაგრამ ვერ დაბლოკეს…. თანავუგრძნობ მე მათ. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდათ ივანიშვილისგან და გახარიასგან“, – განაცხადა ოქუაშვილმა.
მისი თქმით, პროცედურის დარღვევა ისიც იყო, რომ ბანკმა თანხა არასამუშაო დროს – 20:00 საათზე გასცა, რადგან სამუშაო დროს ყველა პროცედურა ვერ მოესწრო.
ოქუაშვილის განცხადებით, იმ საღამოს თი ბი სი ბანკის ეზოში შეიარაღებული ხალხი იყო მობილიზებული და მთელი ეს ოპერაცია “ბანკის გატანას ჰგავდა”.
“მას შემდეგ, რაც თანხა გაიტანეს, გარეთ დახვდათ შეიარაღებული პირები. მათ მიუთითეს თუ რომელ მანქანაში უნდა ჩაედოთ ფული… [ბანკის] დაკეტილი კარები გააღეს, აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის“, – განაცხადა ოქუაშვილმა.