ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა
საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, არასწორი ფაქტების გავრცელება აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
“ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი, გემი ATACAMA ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში,“ – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
მისივე მტკიცებით, სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA [IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი] 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და მისი საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება იყო.
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ როგორც გემებს, ასევე გემთმფლობელებს საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, გემის მფლობელი, ან ტვირთი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბათუმში შემოვიდა ნავთობის ტანკერი “ATACAMA”, რომელზეც სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია როსნეფტის სანქცირებული ტვირთი – მაზუთი იყო.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. მისივე განმარტებით, გემი რუსული ქალაქიდან, ტუაპსედან წამოვიდა, რაც ბათუმიდან 340 კილომეტრშია, შესაბამისად, შეუძლებელია, იქიდან გამოსული გემი წყლის ასაღებად ბათუმში ჩერდებოდეს.
“თუ არაფერია დასამალი, თუ არაფერია პრობლემა, რატომ არ ამბობთ, რა ტვირთთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ტანკერზე. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სანქცირებული როსნეფტის სანქცირებული ტვირთი – მაზუთი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ მოგვისმენია.
მესამე – არსებობს აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც დეტალურად აღწერს, რა ხარისხის გამჭვირვალობა უნდა იყოს ტვირთების გადაზიდვისას, რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, რომ ვიცოდეთ, რომ ტვირთი არ არის სანქცირებული”. – თქვა “დროას” ლიდერმა.