არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
22 თებერვალს, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს მიერ მომზადებული ამ დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება იქნა აღმოჩენილი.
ექსპერტიზის დასკვნა გახდა იმის საფუძველი, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარე გამოძიება გადაკვალიფიცირდა და მას წამების კვალიფიკაცია დაემატა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ფაქტობრივად, ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია. ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დასკვნაში საუბარია 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია “ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით” და ყველა ეს დაზიანება არჩილ ტატუნაშვილს მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
თუმცა, დასკვნა არაფერს ამბობს იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი დაზიანება გახდა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი.
ოჯახს ბევრი პრეტენზია აქვს ექსპერტიზის დასკვნასთან. მათი განცხადებით, სხეულზე არსებული რამდენიმე დაზიანების შესახებ დასკვნაში საერთოდ არ არის საუბარი. ოჯახი დამატებით კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. კომისიურმა ექსპერტიზამ დაზიანებების სიმძიმე უნდა განსაზღვროს და გამოარკვიოს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.
ამის შემდეგ კი, ტატუნაშვილები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.
“კიდევ კომისიის მოწვევაა საჭირო, რომ ჩართონ კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შესაძლოა, მაგათ დადონ დასკვნა, რომ სიკვდილი გამოიწვია წამებამ”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გარდაცვლილის მამა – გივი ტატუნაშვილი.
მისი თქმით, ექსპერტიზამ არ გასცა პასუხი იმას, თუ რატომ ჰქონდა ცხედარს შეცვლილი და დაზიანებული ცხვირის ფორმა და რა იყო ის წრიული ნაჭდევები, რომლებიც შუბლზე ეტყობოდა.
“ნატყვიარი არ არისო, ეგრე იძახიან და მაშინ, ამიხსნან, გამაგებინონ რა არის ის წრეები, ნაჭრილობები, რომლებიც ეტყობა შუბლზე. და ცხვირიც თავისი არ იყო,” – ამბობს გივი ტატუნაშვილი.
დასკვნას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
“ექსპერტიზამ დასკვნა ადასტურებს იმას, რომ ტატუნაშვილის მიმართ გამოყენებულია მიზანმიმართულად ძალა – მის მიმართ ჰქონდა ადგილი არაადამიანურ მოპყრობას”, – აღნიშნა მან.
ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქმეში საერთაშორისო ექსპერტიც უნდა ჩაერთოს.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, 7 ივნისს ერგნეთის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.
“ჩვენ ხვალ გვაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში. ამ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი კვლავ იქნება ტატუნაშვილის საქმე. წინა შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე საათი დაუთმო იმ საკითხების მოძიებას, დეტალებზე საუბარს და ინფორმაციის მიღებას, რაც არის გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის, მათი მართლმსაჯულებისთვის მისაცემად აუცილებელი. ეს საკითხი აუცილებლად გაგრძელდება ხვალაც და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მხარე წინ წაიყვანს გამოძიებას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ტატუნაშვილი მეორე დღეს ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაიცვალა. ოსურმა მხარემ გაავრცელა ვერსია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს, ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა”.
ამ ვერსიის არ სჯერა არც ოფიციალურ თბილისს და არც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ქართული მხარის ეჭვს, რომ ტატუნაშვილი ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლია, ის ფაქტიც ამყარებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ოსური მხარე თითქმის ერთი თვე უარს ამბობდა.
ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს 20 მარტს, გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადმოსცა. “ჯემნიუსი” პირველი იყო, ვინც მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადმოსვენების მომენტისთვის ცხედარს შინაგანი ორგანოები – გული და თავის ტვინი ამოცლილი არ ჰქონდა.
როგორც იურისტი ამბობს, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. თამარ ავალიანი აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია იმ დაზიანებებზე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჰქონდა.