სასამართლო, კორუფცია, პირადი ცხოვრება – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოზე რიგით მეხუთე პერიოდულ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია სასამართლოზე, კორუფციაზე, სიძულვილის ენაზე და ასევე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.
სექსუალური უმცირესობები, სიძულვილის ენა და სიძულვილის დანაშაულები
ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით და ხაზგასმულია, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები სათანადოდ არ შეფასდა და ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.
კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას, “პოლიტიკოსების, სხვა საჯარო ოფიციალური პირებისა და რელიგიური ფიგურების ჰომოფობიური და ტრანსფობიური დაუსჯელი რიტორიკით.” ასევე, კომიტეტი სახელმწიფოს სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღკვეთისკენ და შესაბამისად, ყველა ასეთი დარღვევის გამოძიებისკენ, დამნაშავეების დასჯისა და დაზარალებულების რეპარაციისკენ მოუწოდებს.
ამ პუნქტს მოჰყვება შეშფოთება სიძულვილის ენასა და სიძულვილის დანაშაულებთან დაკავშირებით. კომიტეტი აცხადებს, რომ უმცირესობების ჯგუფების, მათ შორის ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და მიგრანტების წინააღმდეგ სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულების ჩადენის ცნობებით შეშფოთებული არიან.
ძალადობა ქალთა მიმართ
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას ქალთა მიმართ ძალადობაზე, განსაკუთრებით კი სექსუალურ ძალადობებზე მსხვერპლის მხრიდან საჩივრებისგან თავის შეკავებაზე, რაშიც იგულისხმება სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების დაბალი მაჩვენებელი, მსხვერპლების არასაკმარისი დაცვა და ფსიქოლოგიურ მომსახურებაში დახმარების ნაკლებობა.
სიცოცხლის უფლება და წამების, სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა
ანგარიშში წერია, რომ შეშფოთებას იწვევს სიცოცხლის უფლებისა და წამებისა, ასევე სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის დარღვევები. ანგარიშში ხაზგასმულია სამართალდამცველთა და მთავრობის მიერ გამოძიების პროცესის არაეფექტიანი წარმოება იმ ოპერაციის დროს, როდესაც სამართალდამცველებმა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად: მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის გაუმჭვირვალობა, უმაღლეს სასამართლოში უფლებამოსილების კონცენტრაცია, მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის უფლებამოსილების ჩათვლით.
შეშფოთების საგანი ხდება ისიც, რომ უმაღლესი სასამართლო არის ორგანო, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს დამოუკიდებელ ინსპექტორს, “რამაც შეიძლება ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას ძირი გამოუთხაროს.”
ანგარიშში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და სასამართლო პროცესების ბრალდებებზეც, მსგავს საქმეებს შორის კი ნახსენებია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე, ნახსენებია დავითგარეჯის საქმეც, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სამართლიან სასამართლოზე უარის თქმა.
გამოხატვის თავისუფლება
კომიტეტის ანგარიში ეხება გამოხატვის თავისუფლების შეშფოთებებსაც, რაც მოიცავს: მედიის პოლარიზაციას, ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმებს, დაშინებებს, მუქარებსა და შევიწროებებს, ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში პოლიტიკურ გავლენებს.
კომიტეტი მთავრობას 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმის ეფექტიანი, დამოუკიდებელი და დაუყოვნებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
კორუფცია
კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ 2015 წელს ანტიკორუფციის საბჭოს შექმნის მიუხედავად, არის ცნობები კორუფციისა და მოსყიდვის დაუსჯელ შემთხვევებზე. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შეშფოთების მიზეზია ისიც, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის ისეთი შემთხვევების, რომლებშიც მაღალჩინოსნები არიან ჩართული.
სახალხო დამცველი
ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები საჯარო და კერძო პირების მიერ არ სრულდება. კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს, გაატარონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.