ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 383 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
გამოჯანმრთელებულებს შორის 7 ბავშვია.
აქტიური PCR-ტესტირება ტარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული.
ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელ მუშევანში, სადაც კორონავირუსი 29 ადამიანს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვემო ქართლში, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ელოდნენ, რომ მუშევანში 400-მდე ტესტი ჩატარდებოდა, თუმცა, სოფელში ტესტის ჩატარების სურვილი მხოლოდ 115-მა ადამიანმა გამოთქვა.
„მოვუწოდებ ამ სოფლის მოსახლეობას, საჭიროა, ვიცოდეთ ამ სოფელში რეალურად რა მდგომარეობაა, რათა დავამთავროთ და გავანულოთ ინფექცია“, – ამბობს გამყრელძე.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.