კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
წყარო – Bloomberg
არსებობს „უამრავი მტკიცებულება“, რომ კორონავირუსის წყარო ჩინეთის ქალაქ უჰანში მდებარე ლაბორატორია გახდა, იმ ქალაქში, რომელიც 2019 წლის დეკემბერში, პანდემიის ეპიცენტრად იქცა. ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია ABC-ს განუცხადა.
თუმცა, კონკრეტული მტკიცებულებები პომპეოს არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც – წამყვანის პირდაპირი კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ეთანხმება აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ახალ კორონავირუსს გენეტიკური ზემოქმედება არ განუცდია.
- ბილ გეითსი: „შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობის ძირითად ნაწილს მუდმივად ტესტირებას ჩაუტარებენ“
- 12-18 თვე: გამოჩნდება თუ არა კორონავირუსის წამალი ან ვაქცინა?
- მოსაზრება: რა უნდა გააკეთონ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად კრიზისის პირობებში
კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ ვირუსი შეგნებულად გაავრცელეს უჰანის ლაბორატორიიდან, პომპეომ უპასუხა: „ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება აგრძელებს ამერიკელი ექსპერტებისთვის ხელის შეშლას ცნობილი უჰანის ლაბორატორიაზე წვდომაზე.
„ჩინეთი მოქმედებდა, როგორც ყველა ავტორიტარული რეჟიმი – დამალა და დაამახინჯა ინფორმაცია. ამასთან, მან საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“.
თეორია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემია ჩინეთის ბრალეულობით წარმოიშვა, მუდმივად ისმის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლებისას. ეს ერთ-ერთი ცენტრალური თემაა მისი საპრეზიდენტო კამპანიის, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.
4 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 3,567,001 ადამიანი, მათგან 248 312 გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-შია: 1 188 421 და 68 602 შესაბამისად.
აშშ-ის მთავრობა ერთადერთი არ არის, ვინც ჩინეთს ბრალდებებს უყენებს
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი გლობალური გამოძიების ინიციატივით გამოდის, რათა გაირკვეს, როგორ მოხდა კორონავირუსის აფეთქება. მაგრამ ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ არ აქვს იმის მტკიცებულებები, რომ დაავადება ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიაში წარმოიშვა.
გაზეთმა Daily Telegraph-მა დიდი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ უნიკალურ დოკუმენტებზე მოიპოვა წვდომა. ეს არის 15-გვერდიანი საგამოძიებო მასალა, რომელიც რამდენიმე დასავლურმა ხელისუფლებამ მოამზადა.
გაზეთის ინფორმაციით, ამ დოსიეში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა პეკინმა განზრახ გაანადგურა იმის მტკიცებულება, რამდენი ხანი მალავდა კორონავირუსის აფეთქებას. ამის შედეგად, მთელ მსოფლიოში, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
დიდი ბრიტანეთიც აპირებს საერთაშორისო გამოძიებაში მონაწილეობას. თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანმა, რობერ ჯენრიკმა განაცხადა, „ჩვენ დეტალურად გავაანალიზებთ ვირუსის წარმოშობას და განვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედებას – მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით, როდესაც პანდემიას დავამარცხებთ“.