2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის 64 742 მოქალაქე დარჩა - IDFI
რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა რუსეთისა და ბელარუსის 64 742 მოქალაქე.
როგორც ორგანიზაცია აკონკრეტებს, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე.
კვლევიდან ასევე ვიგებთ:
● 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს.
● 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის – 11,531-ით მეტი.
● საქსტატის გამოკითხვის მიხედვით, 2022 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა.
● 2022 წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა პროცენტული წილი 58%-დან 45%-მდე შემცირდა, ხოლო მეგობრებისა და ნათესავების მონახულებისთვის ჩამოსულთა – 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.
● 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 3 036 მოქალაქეს, უკრაინის 135, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს.
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● ФСБ-ს ყოფილი ჯაშუშები ამბობენ, რომ საქართველოში სპეციალური დავალებით იმყოფებოდნენ
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
იმავე “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტარ დავით უსუფაშვილის სადეპუტატო კითხვაზე გაცემული პასუხიდან ასევე ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით მიმდინარე წელს საქართველოში 600-ზე მეტი კომპანია დაფუძნდა, ხოლო ბინადრობის უფლება რუსეთის 2.000 მოქალაქეს მიენიჭა.
იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 მაისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 3.386 და ბელარუსის რესპუბლიკის 2.363 მოქალაქე დარეგისტრირდა.
უცნობია რა სექტორებში საქმიანობენ აღნიშნული ინდმეწარმეები, თუმცა იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი “ინდივიდუალური მეწარმის” რეგისტრაციაა, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ბელარუსის და რუსეთის ასობით მოქალაქე დგება რიგში.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ ოპოზიციური პარტიები “ლელო” და “დროა”. “დროა” რუსი ტურისტებისთვის სპეციალური გადასახადების დაწესებასაც ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვთ მოქალაქეებსაც – პეტიციამ, რომელიც ამ მოთხოვნით შეიქმნა, ორ დღეში 20 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.