2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5 პროცენტით შემცირდება.
13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა.
EBRD-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა – კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელი ტურისტებისთვის ჩაკეტილია საზღვრები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაკეტილია სასტუმროები. ტურიზმით მიღებული შემოსავალი კი ქვეყნის მშპ-ის 20 პროცენტია.
“თუ სოციალური დისტანცირება მოსალოდნელზე ბევრად დიდხანს დარჩება ძალაში, რეცესია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს,” – წერია ანგარიშში.
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სამუშაოს 350 ათასი ადამიანი დაკარგავს.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ელის, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება:
“გაჯანსაღება დამოკიდებული იქნება ვირუსის შემაკავებელი შიდა ზომების ეტაპობრივ შერბილებასა და ჩვეული ცხოვრებისთვის დაბრუნებაზე წლის მეორე ნახევარში.”
EBRD-ის პროგნოზით, წელს სომხეთის ეკონომიკა 3.5%-ით, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება.