რძე, ყველი, კვერცხი, პური - 2019 წელს საქართველოში სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტები 14 პროცენტით გაძვირდა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გაძვირდა: რძის, ყველის და კვერცხის ფასმა 2,7 პროცენტით მოიმატა, პური და პურპროდუქტები 1.3 პროცენტით გაძვირდა. 3.4 პროცენტით გაძვირდა თამბაქოც.
ამ ციფრებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს.
• მოსახლეობის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის. როგორ ცხოვრობენ საქართველოში?
• UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2019 წელს საქართველოს მოსახლეობას საერთო ჯამში ფასები 7 პროცენტით გაუძვირდა.
2019 წლის ინფლაციის დონემ 7 პროცენტს მიაღწია, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ყველაზე მეტად 2019 წელს სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 13,9 პროცენტით.
რძე, ყველი და კვერცხი 15 პროცენტზე მეტად, ხორცი და ხორცპროდუქტები – 13 პროცენტით, ბოსტნეული – 16 პროცენტით. ყველაზე მეტად ხილზე მოიმატა ფასებმა – 30 პროცენტით. პური და პურპროდუქტები, ასევე შაქარი და სხვა ტკბილეული თითქმის 12 პროცენტით.
3.1 პროცენტით გაზრდილია ფასები ტრანსპორტზეც. 15, 4 პროცენტით ძვირი გახდა ალკოჰოლის და თამბაქოს შეძენა.
7 პროცენტით გაძვირდა ფასები დასვენებისა და გართობის სეგმენტში.
კაფეებსა და რესტორნებში კვება 8.4 პროცენტით ძვირი გახდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში 18%.
2019 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.