ორწლიანი ძებნის შემდეგ, აფხაზეთის შემნახველი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს
დაკავებულია აფხაზეთის შემნახველი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ბგანბა, რომლის წინააღმდეგ 2018 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ძებნა გამოცხადდა.
ექსბანკირი მოსკოვში, ქალაქის ცენტრში, უამრავი ადამიანის თვალწინ დააკავეს. სავარაუდოდ, მას მალე გადასცემენ აფხაზეთს. თუმცა, აფხაზეთის გენერალური პროკურატურისთვის ეს ფაქტი მოულოდნელობა აღმოჩნდა მას შემდეგაც კი, რაც ინფორმაცია დაკავების შესახებ რამდენიმე რუსულმა არხმა გაავრცელა – იქ ვერ ადასტურებდნენ ბგანბას დაკავების ფაქტს.
„ბგანბა ბრალდებულია შემნახველი ბანკის სახელით საკრედიტო შეთანხმების გაფორმებაში, რომელიც ბანკისთვის მომგებიანი არ იყო. კრედიტის მოცულობა 1 მილიონ 959 ათასი დოლარია. ჩვენი ვარაუდით, ადრევე ცნობილი იყო, რომ კრედიტს ვერ მოემსახურებოდნენ და არც ჩამოიწერებოდა“, – ასეთი განმარტება მისცა ჟურნალისტებს 2018 წელს გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ეშსოუ კაკალიამ.
თემურ ბგანბა დაარსების დღიდან, 1996 წლიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა აფხაზეთის შემნახველ ბანკს.
2019 წელს, აფხაზეთის შემნახველი ბანკის ხელმძღვანელად რობერ აგრბა დაინიშნა. 12 დეკემბერს კი აფხაზეთის ახალი გენერალური პროკურორი მისი ძმა, ადგურ აგრბა გახდა.
თემურ ბგანბას ძებნის პროცესი ამის შემდეგ მკვეთრად გააქტიურდა.
• აფხაზეთში მცირე ბიზნესს სჭირდება არა ფული, არამედ რეფორმები
• მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“