ბაქოში ცხოველთა პირველმა თავშესაფარმა დახურვის შესახებ განაცხადა
აზერბაიჯანში უპატრონო ცხოველების პირველმა თავშესაფარმა – “აზერბაიჯანის ცხოველთა გადარჩენის ცენტრმა” (aarc.az) დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. დახურვის მიზეზი მთავარი დონორისგან ფინანსური დახმარების შეწყვეტაა.
თავშესაფრის თანამშრომელმა ანონიმურად გვაუწყა, რომ 28 თებერვალი ამ ორგანიზაციის მუშაობის ბოლო დღე იქნება, – იუწყება სააგენტო “Sputnik Azerbaijan“. მაგრამ ხელმძღვანელობა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ირწმუნება, რომ თავშესაფარი იმ მომენტამდე იარსებებს, ვიდრე მზრუნველობის საჭიროების მქონე ყველა ცხოველს არ დააბინავებენ.
ამჟამად ცენტრში დაახლოებით 200 შინაური ცხოველი იმყოფება. იქ მომუშავე ვეტერინარები ცდილობენ, რომ ცხოველები სწრაფად დააბინავონ, რათა ქუჩაში არ დარჩნენ და არ დაიღუპონ.
ამჟამად რამდენიმე მოქალაქემ თავშესაფრიდან უკვე აირჩია ცხოველი, მაგრამ თანამშრომელთა თქმით, ცხოველების დიდი ნაწილის დაბინავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცენტრი, პირველ რიგში, დაავადებული და სუსტი ცხოველების დაბინავებას ცდილობს, რადგან მათ ბუნებრივ პირობებში გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ.
АARC 2009 წელს დაარსდა და ბაქოში ცხოველების გადარჩენის ოფიციალურად დარეგისტრირებულ პირველ ცენტრს წარმოადგენდა. ორგანიზაცია ფუნქციონირებდა როგორც ცხოველების გადარჩენის 100%-ით საქველმოქმედო თავშესაფარი. მისი დამაარსებელი გახდა ჰედიე როშანზამირი (Hedieh Roshanzamir), რომელმაც აზერბაიჯანში 20 წელი იცხოვრა.
2017 წლის მარტიდან ბაქოში კიდევ ერთი ცხოველთა თავშესაფარი ფუნქციონირებს – „ნოეს კიდობანი“, რომლის დამაარსებელია საზოგადოებრივი გაერთიანება IDEA (საერთაშორისო დიალოგი გარემოს დაცვის შესახებ), რომელსაც პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი, ლეილა ალიევა ხელმძღვანელობს.