ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ფეისბუკი გააუქმა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას ფესბუკ-გვერდი გაუქმებულია. კაშიამ იგი თავად გააუქმა, მას შემდეგ, რაც მის გვერდზე ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ.
22 აგვისტოს ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ ქართველ ფეხბურთელს თანასწორობის ჯილდო გადასცა, რასაც ჰომოფობების მხრიდან აგრესიის მეორე ტალღა მოჰყვა.
ჰომოფობები კაშიას “ერის სირცხვილს” უწოდებენ ლგბტ პირთა მხარდაჭერის გამო და “ურჩევენ საქართველოს ნაკრების თამაშებზე აღარ გამოცხადდეს”.
ფეისბუქის გაუქმებისა და ინსტაგრამის პროფილის დახურვის შემდეგ გურამ კაშიამ ინსტაგრამის “სთორიზში” დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მას – პროფილის ფოტოებად კაშიას ფოტოს იყენებენ, ინსტაგრამის stories-ში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით “გურამ, შენთან ვართ” და ფეისბუკზე მის მხარდამჭერ პოსტებს წერენ.
საქართველოს ნაკრების შემდეგი მატჩი თბილისში 9 სექტემბერს გაიმართება. ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთი არ აინტერესებთ, წერენ ფეისბუკზე, რომ “აუცილებლად დაესწრებიან თამაშს საქართველოს ნაკრების ღირსეული ვიცე-კაპიტნის მხარდასაჭერად”.
• 2017 წლის ბოლოს, როდესაც JAMnews-ი წლის მოვლენებს აჯამებდა, ჩვენ წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურით თამაში და ამ ფაქტზე ატეხილი სკანდალი მივიჩნიეთ. საქართველოში, სადაც ჰომოფობიური განწყობები კვლავ ძლიერია, გურამ კაშია პირველი ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა, რომელმაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. მას სოლიდარობა სხვა სპორტსმენებმაც გამოუცხადეს – სატელევიზიო გადაცემებსა და თოქ-შოუებში ათასობით გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელები საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია აგრესია ნებისმიერი სქესის, რასისა თუ ორიენტაციის მქონე ადამიანის მიმართ.