თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო
სასამართლომ ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს შალვა რამიშვილს მისი ყოფილი თანამშრომლისთვის, თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სამხარაძის სარჩელი (რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, მატერიალური ზიანის ნაწილში კი რამიშვილი გაამართლა), ქართველი უფლებადამცველები ამ საქმეს უპრეცედენტოს უწორდებენ, რადგან მათი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სასამართლომ მომხდარი სექსუალურ შევიწროებად შეაფასა.
კავშირ “საფარის” ხელმძღვანელს და ქალთა უფლებადამცველს ბაია პატარაიას იმედი აქვს, რომ “ეს საქმე პრეცედენტული გახდება და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი სხვა ქალებიც არ შეუშინდებიან მოძალადეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას”.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია თათია სამხარაძეც:
“ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურება და ამის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება იყო… ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ყველა ადამიანისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონია”, – უთხრა სამხარაძემ on.ge-ის.
თავის მხრივ, შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ საქმე სასამართლოში მან მოიგო: “არც დისკრიმინაციაზე, არც შევიწროებაზე იქ ლაპარაკი არ იყო”, – ამბობს რამიშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
2015 წელს ტელეკომპანია “იმედში” დასაქმებულმა 25 წლის თათია სამხარაძემ თავის იმჟამინდელ უფროსს, ცნობილ და გავლენიან ტელეწამყვანს შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი და სასამართლოში უჩივლა. თავად რამიშვილი ბრალდებებს უარყოფდა.
თათია სამხარაძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც საკუთარი უფროსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სექსუალური შევიწროვების გამო.