უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. უხზენაესი სასამართლოს დიდმა კოლეგიამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფოლა და ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები, ასევე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ქიბარ ხალვაშის მოთხოვნას დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ და სასამართლო დავას ხელისუფლების მიერ დამოუკიუებელი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობას უკავბშირებდნენ.
სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები მოსამართლეებს მოუწოდებდნენ ხელისუფლების დაკვეთა არ შეესრულებინათ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან დაკავშირებული დავა უკვე მეორე წელი გრძელდებოდა. ტელეკომპანიის ყოფილი მეპატრონე ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის მის მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ტელეკომპანია მას წინა ხელისუფლებამ იძულებით ჩამოართვა.
ივნისში გამართულ სასამართლო პროცესზე სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და “რუსთავი-2” ქიბარ ხალვაშის მიაკუთვნა, თუმცა ტელეკომპანიის ადვოკატებმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.