ტყიბულის შახტში 6 მაღაროელი დაიღუპა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.
შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რამაც ჭერის ჩამოშლა გამოიწვია, ავრცელებს განცხადებას შს სამინისტრო.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის თქმით, დაშავებულ მაღაროელებს სათანადო მკურნალობა უტარდება და მაქსიმუმი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის სამძიმარ სიტყვაში აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება “დრამატულად მძიმე და მიუღებელია.“
“ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ-სიცოცხლის თემა”- ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ის აღნიშნავს, რომ “შეუძლებელია სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუონ მსგავს ვითარებას”.
“საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისკენ,” – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
• შრომის უსაფრთხოების პრობლემა მწვავედ დგას ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია. 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე სამუშაო ადგილზე სულ 19 დასაქმებული გარდაიცვალა. ამის შესახებ On.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს.
• ბოლო უბედური შემთხვევა გასულ კვირას მოხდა – ჭიათურის შუქრუთის მაღაროში 26 მარტს გამთენიისას ნგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა. აბრამიშვილის ცხედარი სამაშველო ჯგუფმა ნანგრევებიდან 6 საათიანი მცდელობის შემდეგ ამოიყვანა.
• პროფესიული კავშირების სტატისტიკით, 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.
• 2011 წლიდან 2017 წლამდე სულ, 1209 მშრომელი დაიღუპა.
ფოტო: დავით თაბაგარი