ამერიკული ტელეარხი CNN რუსეთის შესახებ ნებისმიერი მასალის პუბლიკაციისთვის ახალი წესების შემოღებას აპირებს. ამიერიდან ეს მასალები CNN-ის ეთერში ან მის ვებგვერდზე მხოლოდ კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სანქციებით იქნება შესაძლებელი, – იუწყება ონლაინ გამოცემა BuzzFeed.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, გამოცემის მონაცემებით, CNN-ის ვებ-გვერდზე ოთხი დღის წინათ გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე ოთხი დღით ადრე მისი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი თანამშრომელი შეხვდა კირილ დმიტრიევს, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების სახელმწიფო ფონდის (კაპიტალი – 10 მილიარდი დოლარი) ხელმძღვანელს.
წვრილმანები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა გამოქვეყნებიდან ერთ დღე-ღამეში ეს პუბლიკაცია CNN-ის ვებგვერდიდან გაქრა. კომპანიამ განაცხადა, რომ ის პროფესიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, და რუსულ თემატიკაზე მასალების პუბლიკაციის ახალი წესები შემოიღო.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის გუნდის რუსეთთან სავარაუდო კავშირები დღესდღეობით კონგრესისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გამოძიების საგანს წარმოადგენს. გამოვლენილ ფაქტებს უკვე მოჰყვა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის მაიკლ ფლინის ხმაურიანი გადადგომა.