სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
JAMnews-ი დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის და არკვევენ დეტალებს.
_____________
სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ფეისბუკ-გვერდზე აქვეყნებს კომუნიკეს, რომ სირიამ და სამხრეთ ოსეთმა დიპლომატიური კავშირების დამყარების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე თავის ფეისბუკ-გვერდზე ულოცავს აფხაზებს, რომ სირიამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
იგივე შინაარსის განცხადებას აქვეყნებს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
ხაჯინბას თქმით, სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, დიდი დიპლომატიური სამუშაო უძღოდა წინ.
აფხაზი ლიდერი ამბობს, რომ 28 მაისს სირიის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დიპლომატები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ და კომუნიკეს ტექსტზე მოილაპარაკეს.
• აქამდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გაეროს მხოლოდ ოთხმა წევრმა-სახელმწიფომ – რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ (წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა ჯუჯა სახელმწიფომ, რომელშიც დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს) აღიარა.
• აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად ცნობის განკარგულებას.
• 2011 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე გაეროს წევრმა ქვეყანამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.