სომხეთში მძღოლების ქულებით შეფასების სისტემას ნერგავენ
სომხეთის პოლიცია ადმინისტრაციული სასჯელის ახალი სახეობის – საჯარიმო ქულების შემოღებას აპირებს.
რა არის პროექტის არსი
პროექტის არსი არის ის, რომ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევები საჯარიმო ქულებით დაისჯებიან. თითოეული მძღოლს წინასწარ ჯარიმების 9- ქულიანი ლიმიტი მიეცემა. საგზაო მოძრაობის წესების თითოეული დარღვევისთვის ქულები გამოიქვითება. ის, თუ რამდენი ქულა გამოიქვითება, დარღვევის სახეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე მკაცრი დარღვევისთვის, შესაძლებელია, ერთბაშად 4 ქულის დაკარგვა. როდესაც ქულები ამოიწურება, მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა.
პოლიციამ გამოაქვეყნა სია, თუ რა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული თითოეული დარღვევისთვის. მაგალითად, გზაჯვარედინის არასწორად გადაკვეთისთვის 2 ქულა გამოიქვითება, არასწორად გასწრებისთვის – 1 ქულა, დასაშვები სისწრაფის 50 კმ/სთ-ზე მეტად გადაჭარბებისთვის ერთბაშად – 4 ქულა.
• კავკასიაში ავტობიზნესის ყველაზე პოპულარული სქემა: სად ვიყიდოთ, სად გადავიყვანოთ, და სად განვაბაჟოთ
რა მიზნით აწესებენ ახალ სისტემას
სომხეთის პოლიციაში მიაჩნიათ, რომ საჯარიმო ქულების ახალი სისტემა გზებზე სიტუაციას გააუმჯობესებს.
„ქულების მიხედვით დასჯის სიტემა შემაკავებელი ფაქტორი გახდება და გზებზე დისციპლინას დაამყარებს. იმედი გვაქვს, რომ ასევე შემცირდება სერიოზული ავარიების რიცხვი“, – განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა ვალერი ოსიპიანმა“.
მძღოლების რეაქცია სოციალურ ქსელებში
მძღოლების უმეტესობას აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ახლად შემოღებული წესების მიმართ. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯარიმები ძალიან მკაცრია, და ეს ისეთ სიტუაციას შექმნის, როდესაც ბევრს, საგზაო წესების უმნიშვნელო დარღვევების გამო, მართვის უფლება ჩამოერთმევა.
აი, რას წერენ ისინი სოციალურ ქსელებში:
„არ მესმის, ახალი ხელისუფლება რისთვის მოვიდა – ხალხის ხვედრის შესამსუბუქებლად, თუ მათთვის ცხოვრების გასართულებლად. ჯერ ჩვენმა ქვეყანამ ევროპასავით იცხოვროს, და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიღონ ევროპული კანონები“.
„შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ მაინცდამაინც – 9 ქულა? რატომ 5, 7 – არა, ან 20? რის მიხედვით გამოითვალეთ?
თუმცა, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ცვლილებებს მხარი დაუჭირა:
„ხალხი იმიტომ არის აღშფოთებული, რომ წესების მიხედვით მოძრაობა არავის უყვარს. ისწავლეთ, საგზაო წესების დაურღვევლად მოძრაობა“.