წინასწარი ვერსიით, წამალი „ავასტინის“ ინექცია, რომელიც ყველა ავადმყოფს გაუკეთდა, ნაწლავის ჩხირით იყო დაინფიცირებული. ინციდენტის შემდეგ, მალევე საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ინექციას ავადმყოფებისთვის არანაირი შეუქცევადი შედეგი არ მოჰყვება. როგოც ექიმები ირწმუნებიან, აუცილებელი დახმარება ყველა პაციენტმა მიიღო, და რამდენიმე თვეში მათ მხედველობა სრულად აღუდგებათ.
ერთ-ერთი დაზარალებულის ნათესავი მოჰყვა, რომ ავადმყოფისთვის ნემსი უნდა გაეკეთებინათ, ერთ თვეში კი მას ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა პროცედურის დროს მის თვალში რაღაც უცნაური შენიშნეს. თვალში ინფექცია აღმოჩნდა. თავიდან ექიმები ვერ მიხვდნენ, თუ როგორ მოხვდა იქ ინფექცია, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ის წამალი, რომელიც პაციენტებისთვის თვალში შეჰყავდათ, დაინფიცირებული იყო. გადაწყვიტეს, რომ პაციენტისთვის ოპერაცია მეორე დღესვე გაეკეთებინათ.
რა არის წამლის დაინფიცირების მიზეზი
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ წამლის ნაწლავის ჩხირით დაინფიცირების მიზეზი შეიძლებოდა წამლის გამოყენების წესის დარღვევა გამხდარიყო:
„წამლების ექსპერტიზის ცენტრი ახლა ამ პრეპარატს შეისწავლის, რათა ინფექციის მიზეზი გამოავლინოს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ცნობების საფუძველზე, წამალი სათანადო წესით იყო იმპორტირებული, და სერია რეგისტრაციის პირობებს შეესაბამებოდა. ანუ, სავარაუდოა, რომ ინფექციის შეტანის მიზეზი წამლის გამოყენების წესის დარღვევაა, და არა ზოგადად ამ წამლის გამოყენება“.
ტოროსიანმა თქვა, რომ თუკი მოცემული ვერსია დადასტურდება, ექიმები დაისჯებიან. სამსახურებრივი მოვალეობის მიმართ გულგრილობისთვის მედმუშაკებს სისხლის სამართლის სასჯელი ელით. პოლიციაში სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მასალები უკვე მზადდება.