ახალი ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროში რეფორმებს ატარებს" />

სომხეთში ინსულტიან და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს უფასოდ უმკურნალებენ

ახალი ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროში რეფორმებს ატარებს

ჯანდაცვის სამინისტრო სომხეთის მაცხოვრებელთა უფასოდ მკურნალობის ერთდროულად რამდენიმე პროგრამის ამოქმედებას იწყებს. ერთ-ერთი მათგანი ხორციელდება არა მთავრობის პროგრამის მიხედვით, არამედ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითა და პირადი ინიციატივით. საუბარია ინსულტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე.

პროგრამების დეტალები

1 თებერვლიდან თავის ტვინის ინსულტის მქონე ყველა პაციენტი სამედიცინო დახმარებას უფასოდ მიიღებს. მათი მკურნალობა ორ საავადმყოფოში მოხდება.

 „მიმდინარეობს პროგრამის დანერგვის საბოლოო პროცესი, უკანასკნელი შტრიხების შეტანა, ქვეყნის ყველა ოლქში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადამზადება გაიარეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ტოროსიანმა.

მიახლოებითი გამოთვლებით, მოსალოდნელია, რომ ერთი წლის განმავლობაში შესაბამის საავადმყოფოებში მკურნალობას 250 ადამიანი გაივლის. ტოროსიანის თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობა 1-დან 4 მილიონ დრამამდე (2-8 ათასი დოლარი) დაჯდება.

პროგრამების განსახორციელებლად სულ დაახლოებით 400 მილიონი დრამი (დაახლოებით 825 ათასი დოლარი) გამოიყოფა. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს პროგრამა არსებითად შეამცირებს ინსულტით სიკვდილის შემთხვევებს და 39%-ით შეამცირებს ინვალიდობის რისკებს.

• სომხეთში „ღორის გრიპი“ უკან იხევს

სომხეთში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე სულ უფრო მეტი ადამიანი თანხმდება

კიდევ რას უმკურნალებენ უფასოდ

სომხეთში უფასო გახდა ასევე ონკოლოგიური ოპერაციები. ბოლო დრომდე ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ონკოლოგიურ ავადმყოფებს თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდა.

ტოროსიანი პოპულარული მინისტრი ხდება

ტოროსიანი ერთ-ერთი ახალ მინისტრთაგანია, რომელიც მთავრობაში 2018 წლის რევოლუციის შემდეგ გაჩნდა, ანუ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მოვიდა. მის მიმართ პირველ ხანებში დაძაბული დამოკიდებულება არსებობდა. ეს იმას უკავშირდებოდა, რომ ის სომხეთისთვის არაპოპულარული ინიციატივებით გამოვიდა. კერძოდ, ის პაპილომის ვირუსის ვაქცინაციის მომხრე იყო – იმ  დროს, როდესაც ქვეყანაში ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, რისკებსა და ნეგატიურ შედეგებზე მსჯელობდნენ.

ახლა მინისტრი ისეთი ინიციატივებით გამოდის, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვება. 2021 წლისთვის ის აპირებს, რომ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა დანერგოს. მან უკვე მიაღწია იმას, რომ ქვეყანაში სანავიაცია ამოქმედდა. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმები პაციენტამდე ვერტმფრენით აღწევენ. ტოროსიანმა ასევე დაიწყო სამედიცინო დაწესებულებებში კორუფციისა და „ატკატების“ წინააღმდეგ ბრძოლა, ექიმებსა და ექთნებს კი ხელფასები გაუზარდა.


ასევე წაიკითხეთ