სომხეთში თანამდებობის პირები ჯერ კიდევ ცდილობენ შვილების ჯარში სამსახურიდან ქრთამის სანაცვლოდ დახსნას
სომხეთში ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, ქრთამის სანაცვლოდ, თავიანთი ვაჟების სამხედრო სამსახურიდან დახსნას თავს არ ანებებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:
„სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების საქმით ამჟამად დაკავებულია პოლიცია, გენერალური პროკურატურა და ეროვნული უშიშროების სამსახური. ვწუხვარ, რადგან იმის კონსტატირება მიწევს, რომ წინასწარი მონაცემებით, ჩვენში გაწვევის სფეროში ჯერ კიდევ აქვს ადგილი თანამდებობით ბოროტად სარგებლობას. გასაკვირია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, თანამდებობის პირების მხრიდან ამგვარი დარღვევები ხდება. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა“.
ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ ხელისუფლება მკაცრად იბრძოლებს ჯარში კორუფციული მოვლენების წინააღმდეგ:
„იმდენი პოლიტიკური განცხადება გაისმის, ამაზე იმდენს ვლაპარაკობთ, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთს ჰგონია, რომ ვხუმრობთ. და ამის შემდეგ კიდევ მიდიან, გარიგებებს აწყობენ, ქრთამებს აძლევენ, ქრთამებს იღებენ, და მათ აკავებენ. და ამ ადამიანებს უკვირთ, თუ ეს როგორ დაემართათ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ოფიციალურად – კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იქნება“.
სომხეთის მედია წერს, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების საქმეებით თავდაცვის სამინისტრო გაძლიერებულად არის დაკავებული. მიმდინარეობს არამხოლოდ თანამდებობის პირთა, არამედ რიგითი მოქალაქეების საქმეების შესწავლა.
ამავდროულად პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი ჯარში სამსახურს ყარაბაღში გადის, და ეს მისი არჩევანი იყო. ფაშინიანი ირწმუნება, რომ ეს არ არის აგრესიული ჟესტი, როგორც ზოგიერთებმა მიიჩნიეს, არამედ – სამშვიდობო ჟესტია:
„ვფიქრობ, ყველას გვესმის, რომ როდესაც ჩემს ვაჟს ყარაბაღში ვაგზავნი, არ მსურს, რომ იქ ომი დაიწყოს. და ღმერთმა დაიფაროს, რომ ჩემი ვაჟი და ჩემი თანამემამულეების ვაჟები, ან რიგითი აზერბაიჯანელი მოქალაქეების ვაჟები დაიღუპონ. ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. და არ მინდა, რომ ეს მოხდეს.
მოხარული ვიქნებოდი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც რომ გაეშვა თავისი ვაჟი იქ სამსახურის მოსახდელად. ყველა დარწმუნებული ვიქნებოდით, რომ არც ბატონ ალიევს ენდომებოდა თავისი ვაჟის დაღუპვა. და მე ამას მშვიდობის მოყვარულ ჟესტად მივიღებდი“.