სომხეთის პარლამენტში ტრანსგენდერი ქალის გამოსვლას მწვავე რეაქცია მოჰყვა
სომხეთის პარლამენტში ტრანსგენდერი ქალის მოულოდნელი გამოსვლა სკანდალისა და დავის მიზეზად იქცა. საკითხი პარლამენტში, სოციალურ ქსელებსა და ყველა მედიაში განიხილებოდა.
• ბედნიერი, მაგრამ ბევრისთვის მიუღებელი ერთსქესიანი წყვილის ისტორია სომხეთში
• „არასდროს იცი, სახლში ცოცხალი დაბრუნდები თუ არა“
როგორ მოხვდა ტრანსგენდერი სომხეთის პარლამენტში
სომხეთის პარლამენტის ტრიბუნიდან ტრანსგენდერი ქალი ლილიტ მარტიროსიანი სიტყვით პირველად გამოვიდა. ეს გამოსვლა შედგა ხუთ აპრილს საზოგადოებრივი მოსმენების დროს, თემაზე „ადამიანის უფლებების ეროვნული დღის წესრიგი – გაეროს მონიტორინგი.“
მოსმენებზე მიწვეულები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო „უფლების მხარე“, რომელსაც ლილიტ მარტიროსიანი ხელმძღვანელობს.
იმის შესახებ, რომ ის ტრანსგენდერი ქალია, ლილიტ მარტიროსიანმა თავისი გამოსვლის დროს განაცხადა:
„გთხოვთ, ჩემი სახით კრებსითი – გაწამებული, გაუპატიურებული, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, დამწვარი, დანით დაჭრილი, მოკლული, ემიგრირებული, დისკრიმინირებული, ღატაკი და უმუშევარი ტრანსგენდერები წარმოიდგინოთ“.
რა რეაქცია მოჰყვა ამას
მარტიროსიანის გამოსვლამ პარლამენტში უშუალოდ მსჯელობის მონაწილეთა შორის თავიდან არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია. პირველ რიგში, ამ გამოსვლის შინაარსით თავისი უკმაყოფილება ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელმა, ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა გამოხატა.
მან ლილიტ მარტიროსიანს გამოსვლის დასრულების საშუალება მისცა, და არ შეუწყვეტინებია. მაგრამ, შემდეგ იმის გამო აღშფოთდა, თუ რატომ იმყოფებოდა ეს ადამიანი დარბაზში და მით უმეტეს, რატომ გამოდიოდა ის არა იმ დღის მოსმენების თემასთან დაკავშირებით. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამსჯელო თემას სასამართლოსა და სამართლებრივ სფეროში არსებული რეფორმები, ინვალიდობის მქონე ადამიანების და ბავშვების უფლებები წარმოადგენდა. ამიტომ, მან მარტიროსიანის გამოსვლა როგორც მის მიმართ, ასევე მთლიანად პარლამენტისადმი უპატივცემულობად შეაფასა.
„თქვენს უფლებებს არავინ არღვევს, მაგრამ ჩვენ მკაფიო დღის წესრიგი გვაქვს, და თქვენ მას არღვევთ. ეს კომისიისა და ადამიანების უფლებებისადმი უპატივცემულობაა“, – განაცხადა ნაირა ზოგრაბიანმა.
მისი პოზიცია იმ პარტიის ხელმძღვანელმაც გაიზიარა, რომელსაც ნაირა ზოგრაბიანი წარმოადგენს.
„როგორც პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, როგორც სომხურ ტრადიციებსა და რწმენაზე აღზრდილი ოჯახის უფროსი … ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია… ეს ცოდვაა, და ცოდვა უნდა დავფაროთ, როგორც ეს წინათ ხდებოდა, ჩვენ ამ მოვლენის გავრცელებას არასდროს დავუშვებთ“, – განაცხადა გაგიკ ცარუკიანმა.
პარტია „აყვავებული სომხეთის“ სხვა წარმომადგენლებმა ამ საკითხზე აზრი ასევე გამოთქვეს.
„ქვეყნის ყველაზე მაღალი ტრიბუნის ამგვარი ადამიანებისთვის დათმობა – ეს სამარცხვინოა! თუკი ევროპული ფასეულობების სომხეთში დანერგვა გსურთ, ძალიან ცდებით. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან – და ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ. დღეს ევროპა ცარიელდება, რადგან ქალები ერთმანეთთან ცხოვრობენ, მამაკაცები კი მამაკაცებთან, შობადობა აღარ აქვთ…არსებობს სტატისტიკა, რომ – 10 წლის განმავლობაში ევროპა დაცარიელდება“, – განაცხადა დეპუტატმა ვარდან გუკასიანმა.
უკმაყოფილება პარლამენტის კედლებს მიღმა
რვა აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობასთან მარტიროსიანის გამოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები, რომელთა შორის სასულიერო პირებიც იყვნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ასევე – სექსუალური უმცირესობების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას მოითხოვდნენ.
მათ ეროვნული საკრებულოს დარბაზის „კურთხევა“ შესთავაზეს, რათა „ის ტრანსგენდერისგან განწმენდილიყო“.
„პოლიტიკური პროვოკაცია“
ამ საკითხთან დაკავშირებულმა სკანდალმა პრემიერ-მინისტრამდეც მიაღწია. აღმოჩნდა, რომ ის ამ საკითხს – პარლამენტში გამოსული ორატორის ბიოგრაფიის ჩათვლით – დაწვრილებით გაეცნო.
ნიკოლ ფაშინიანმა ლილიტ მარტიროსიანის გამოსვლას ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ „საგულდაგულოდ დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა.
საქმე ის არის, რომ ლილიტ მარტიროსიანის გამოსვლასთან დაკავშირებით ატეხილი დისკუსიის დროს ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ცხელ გულზე ახალი ხელისუფლება სექსუალური უმცირესობების წახალისებაში დაადანაშაულეს.
ამ განცხადებების საპასუხოდ ფაშინიანმა თქვა, რომ სწორედ რესპუბლიკური პარტიის მართველობის დროს მიიღო მოქალაქე ვაგარშაკ მარტიროსიანმა ლილიტ მარტიროსიანის სახელზე გაცემული პასპორტი:
„2015 წელს,სომხეთის ეგრეთ წოდებულმა კონსერვატიულმა ხელისუფლებამ, რესპუბლიკელების სახით, ახლგაზრდა მამაკაცს – სახელად ვაგარშაკს, ლილიტ მარტიროსიანის სახელზე გაცემული სომხეთის მოქალაქის პასპორტი მისცა; ხოლო გრაფაში „სქესი“ – მათ „მამაკაცი“ მიუთითეს. გეკითხებით, რესპუბლიკელებს შორის ბევრ მამაკაცს ჰქვია ლილიტ მარტიროსიანი? იმ მომენტში, როდესაც რესპუბლიკურმა პარტიამ ამ ადამიანს ლილიტ მარტიროსიანის სახელზე პასპორტი მისცა, და ის საარჩევნო სიაში ჩართო, მან მას მოქალაქის ყველა უფლება და მოვალეობა მიანიჭა… როდესაც ვამბობდი, რომ რესპუბლიკელები – გეი-აქტივისტები არიან, მართალი მითქვამს“.
პრემიერმა ასევე გაარკვია, რომ საპარლამენტო მსჯელობის მონაწილეთა სია, რომელშიც ლილიტ მარტიროსიანიც იყო, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის ნაირა ზოგრაბიანის მიერ იყო ხელმოწერილი. ასე რომ, მან საპარლამენტო ტრიბუნასთან ამ ორატორის გამოჩენით ზოგრაბიანის აღშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ამასთან დაკავშირებით ფაშინიანმა მიმართა პარტია „აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი თანაპარტიელის მიერ ლილიტ მარტიროსიანის სხდომათა დარბაზიდან გაძევებას ამართლებდნენ:
„ის საქციელი, რომელსაც ამ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ავლენს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სიტუაციას ეჭვქვეშ აყენებს… „აყვავებულმა სომხეთმა“ უნდა იფიქროს, შესაძლებელია თუ არა ზოგრაბიანის ამ კომისიის თავმჯდომარედ დარჩენა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებლები ორ ბანაკად დაიყვნენ. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ლილიტ მარტიროსიანს საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის სრული უფლება ჰქონდა. სხვებს ეს სამარცხვინოდ მიაჩნიათ.
აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„ლილიტ მარტიროსიანი – ეროვნული გმირია!“
„სადამდე დავეშვით“ – წინათ ადამიანს გამბედაობა არ ეყოფოდა, რომ ლგბტ თემისადმი თავისი კუთვნილება ეღიარებინა, ახლა კი პარლამენტის ტრიბუნიდან გამოდიან!“
„ღვთაებრივი კომედია“.
„ცირკი“.
„აი, ჩვენს ქვეყანას თავის რამზან კადიროვი ან ჰაბიბ ნურმაგომედოვი რომ ჰყავდეს, ბუნების ამგვარი შეცდომები აქ ერთ წამსაც ვერ გაჩერდებოდნენ“.
„არსებობს რაიმე ისეთი კანონი, რომელიც მამაკაცს სახელი ლილიტის ქონას უკრძალავს?“