პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნანა ყეინიშვილის საქმე
პროკურატურამ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის” ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია “ბიტექსჩეინჯი”, რომელსაც ყეინიშვილი წილს სთხოვდა.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მისი საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. ის 2012-2016 წლებში “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუსვან შეკითხვა, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად. მისივე თქმით, გამოძიების დეტალებში ვერ შევა.
თუმცა, ირკვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ისევე როგორც ამჟამინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს წევრად დანიშვნაზე, პარლამენტში ხმა აქვთ მიცემული.
“რაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული, ამიტომ გამოძიების საკითხია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო საკითხში, რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე.” – თქვა პაპუაშვილმა.
საქმის დეტალები
ეროვნული ბანკის განცხადებით, უწყებამ შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების წერილები შეისწავლა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა. მასალები სამართლებრივი შეფასებისთვის უფლებამოსილ ორგანოებს გადაეცა.
უწყების განცხადებით, წერილებში აღწერილი ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება მის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს სცილდება. ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ გარემოებებთან დაკავშირებით ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.
ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ ვირტუალური აქტივების პროვაიდერი კომპანია „ბიტექსჩეინჯი“ გეგმიური შემოწმების შედეგად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის დააჯარიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს. მათი მტკიცებით, ამ საწარმოების წილები მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.
განცხადებების თანახმად, ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
პროკურატურა მიუთითებს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო მოსამსახურეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში შეისწავლიან ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებებს. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებენ.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიება
ჯარიმის თანხას ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს, თუმცა, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ითხოვდა ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს, კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა ისიც, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის რეგულირებულ მომგებიან ბიზნესებს, რაც ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.
“რადიო თავისუფლებამ” ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე თვეა იციან ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ამ უწყებებს “რადიო თავისუფლებამ” შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა.