ჰომოსექსუალი წყვილის სიყვარულის ისტორია სომხეთში - ბედნიერი, მაგრამ ბევრისთვის გაუგებარი
რომიკი
რომიკი იმ ქვეყნიდანაა, სადაც პოეტები ღმერთს სიყვარულზე ელაპარაკებიან. რომიკი იმ ქვეყნიდანაა, სადაც სიყვარულის გამო ზოგჯერ ადამიანის მოკვლასაც კი არ ერიდებიან.
ირანი უკიდეგანოდ ლამაზი ქვეყანაა, რომელიც მრავალფეროვნებითა და მდიდარი კულტურით გამოირჩევა – სწორედ აქ დაიბადა რომიკ დანიალი, ირანის სომხური დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელი, აქტიური ახალგაზრდა, რომელიც რელიგიური სასწავლებლის სანიმუშო კურსდამთავრებულად ითვლებოდა.
«ჯერ კიდევ ბავშვობაში, ათი წლის ასაკში ვგრძნობდი, რომ სხვებისგან გამოვირჩეოდი. ჩემი თანატოლი ბიჭების ნათქვამიც მეუცხოებოდა და მათი ინტერესებიც. გოგონებთან უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მათ შორისაც უცხო ვიყავი».
ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ დედამიწა უბრალოდ არასწორი პლანეტაა, ან მე მოვხვდი აქ შემთხვევით. მეგონა, რომ თავის დროზე ზეცა გახსნა და მე ანგელოზივით დავეცი მიწაზე. არ ვიცოდი, ეს რა იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემნაირებისგან გამოვირჩეოდი», – ამბობს რომიკი.
რომიკი წლების მანძილზე ცდილობდა, „თავისიანები“ ეპოვა. მისი პიროვნების საერთო „ფაზლიდან“ დაკარგულ დეტალს სამსახურში, ეკლესიაში, სკოლაში და მეგობრების წრეში ეძებდა. თუმცა, ამაოდ. რომიკმა უბრალოდ არ იცოდა, რა ეძებნა.
«პირველად სიტყვა „გეი“ დედაჩემისგან გავიგონე, თანამგზავრულ არხზე რაღაც სერიალს უყურებდა, რომელშიც ორი მამაკაცის რომანტიკული ურთიერთობა იყო აღწერილი და მე უცებ მივხვდი, რომ ამ ადამიანების სიყვარული ჩემთვის გასაგები და ახლოა. დედამ თქვა, ოჰ ეს გეი კაცები, ესენიღა გვაკლდნენო. მამამ იკითხა, „გეი“ რას ნიშნავსო.
დედამ უპასუხა, რომ „გეი“ არის მამაკაცი, რომელსაც სხვა მამაკაცი უყვარს. იმ დღეს მივხვდი, რომ სწორედ ამ ჯგუფს მივეკუთვნები და აღმოვაჩინე, რომ სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ის, რასაც მე ვგრძნობ. თუმცა, ამავდროულად, შევნიშნე, რომ ჩემს მშობლებს უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ ამ პერსონაჟების მიმართ და ვიფიქრე, რომ ეს არასწორი იყო», – ამბობს რომიკი.
ინტერნეტის არარსებობისა და ინფორმაციის შეზღუდულობის პირობებში რომიკი ყველგან ეძებდა პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას აღელვებდა. დროდადრო ესმოდა ხოლმე ის, რასაც მის შესახებ ამბობდნენ მისი ნაცნობები. ბოლომდე არ ესმოდა საკუთარი თავის, მაგრამ ეს დახასიათებები სძულდა – ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა გაგონილის საპირისპირო დაემტკიცებინა.
«აუტანელია, როდესაც უცხო, განსხვავებული ადამიანი ხარ. საშინელი შეგრძნება გეუფლება, როდესაც ხვდები, რომ შენი ფიქრები შენ არ გეკუთვნის. ასეთ დროს ორად ხარ გაყოფილი და საკუთარ ბუნებას ვერ აცნობიერებ. ოჯახის, საზოგადოებისა და ტრადიციების კარნახით ცხოვრობ, რაც განგრევს და გაქცევის დაუოკებელ სურვილს გიჩენს. არ იცი, სად გინდა გაქცევა, იმიტომ რომ არ იცი, რატომ გაქვს ეს სურვილი.
2000 წელს ის პირველად ჩამოვიდა სომხეთში. ხანგრძლივი ბორგვის შემდეგ სწორედ აქ შეიგრძნო პირველად ნამდვილი სიმშვიდე. „უცნაურია, რომ ეს იყო უცხო ქვეყანა – ჩემი სამშობლო, სადაც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ საზღვრის გადმოკვეთისთანავე სიმშვიდე დამეუფლა და ვიგრძენი, რომ სახლში დავბრუნდი. ბედნიერად და მშვიდად ვიყავი. უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს“, – ამბობს რომიკი.
ორი კვირის შემდეგ რომიკი სახლში დაბრუნდა და სომხეთში ცხოვრების პერსპექტივაზე დაიწყო ფიქრი. ამ მოგზაურობის შემდეგ მის ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობის ახალი ეტაპი დაიწყო; რომიკმა თანდათან მოაწესრიგა თავისი ცხოვრება, ფიქრები და გრძნობები და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სიცრუეში აღარ იცხოვრებდა:
«ვცდილობდი, ჩემს შეკითხვებზე პასუხი ეკლესიაში მეპოვა. ვცდილობდი იმ მომენტამდე, სანამ საკუთრივ ეკლესიაში არ გავიგონე სიძულვილით სავსე სიტყვები. და მაშინ, ჩემს სულსა და ცნობიერებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა; აღმოჩნდა, რომ ეკლესია, რომლისაც მე მწამდა, არ მიღებდა და ჩემი არ სჯეროდა. პასუხების ნაცვლად ახალი შეკითხვები გამიჩნდა. ღმერთს მივმართავდი, თუკი შენ შემქმენი, მაშინ რა საჭიროა ეს წიგნი, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა მომართული-მეთქი, ვკითხულობდი – სადაა შეცდომა, ჩემში, თუ ამ წიგნში? თუკი მან თავის ხატად შემქმნა, მაშ როგორ შეიძლება, რომ შეცდომა ვიყო?
ეს შეკითხვები მტანჯავდა. გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მეპოვნა პასუხები და ეკლესია დავტოვე. სხვა რელიგიების წმინდა წიგნების კითხვა დავიწყე. ყურანში ერთი საინტერესო სტრიქონია: «ღმერთი კისრის ძარღვზე უფრო ახლოსაა». სხვადასხვა რელიგიების სწავლებებს გავეცანი და მივხვდი, რომ ღმერთი ჩემშია და შეუძლებელია, რომ მე შეცდომას წარმოვადგენდე. წაიშალა გამოგონილი, ხელოვნური საზღვარი, რომელიც არასწორსა და სწორს შორის არსებობდა. მე ვარსებობ და მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ“, – ამბობს ის.
ახლა რომიკს ღმერთის სწამს, მაგრამ შუამავლებს არ აღიარებს. იგი თავის ბუნებასთან და ღმერთთან ჰარმონიაში ცხოვრობს და ამას გარდა, მან იცის, რომ არსებობს უმნიშვნელოვანესი პრინციპი – „არ განიკითხო“.
რამდენიმე წლის შემდეგ – კერძოდ კი 2011 წელს – რომიკმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – მან ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ სომხეთში გადადიოდა საცხოვრებლად, იმიტომ რომ არც ორმაგი ცხოვრებით სურდა ცხოვრება და, მითუმეტეს, არც სხვა ადამიანის ნიღბის მორგებას აპირებდა. ირანში მისნაირებს სიკვდილით სჯიან.
«იმ პერიოდში ერთ გოგონასთან მქონდა ურთიერთობა. ნიშნობაც მქონდა. ვცდილობდი, ტრადიციული ოჯახი შემექმნა. შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს არასწორი და ამავდროულად, უაზრო წამოწყება იყო. ასეთ ოჯახში არავინ იქნებოდა ბედნიერი. სხვა ადამიანის გაუბედურების უფლება არ მქონდა. სიცრუეში ცხოვრება აუტანელი გახდა ჩემთვის. ჩემი აზრით, ეს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უბედურებას წარმოადგენს – ხალხი აცნობიერებს, რომ სიცრუეში ცხოვრობს და არც კი ცდილობს, ამას ებრძოლოს.
ხშირად ხალხი ვერც კი ხვდება, რომ ნახევარსიმართლე არ არსებობს. ნახევარსიმართლეც ტყუილია. ადამიანებს ურჩევნიათ იფიქრონ, რომ არ იტყუებიან და უბრალოდ სიმართლეს მალავენ, ან ლამაზად „ფუთავენ“. მაგრამ მე მასე ვერ ვიცხოვრებ. უბრალოდ არ შემიძლია მასე… სომხეთში გადმოვედი საცხოვრებლად. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ ჩემ თავს არასდროს მოვატყუებდი», – ამბობს რომიკი.
სომხეთში მან მალე იპოვა სამსახური, LGBT თემის წევრები გაიცნო და მიხვდა, რომ მის განცდებსა და შიშებს სხვებიც იზიარებენ და ის არ არის ანგელოზი, რომელიც ზეციდან ჩამოვარდა. იგი უბრალო ადამიანია, განსხვავებული და გამორჩეული – ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინდივიდი. მან ბევრი ადამიანი გაიცნო, მაგრამ, დროთა განმავლობაში, უფრო ყურადღებით დაიწყო ნაცნობ-მეგობრების წრის არჩევა.
რომიკმა ჩამოიშორა ყველა ის ადამიანი, ვინც მისი ცხოვრების წესს არ იზიარებდა. ზოგჯერ სხვა ადამიანებიც იშორებდნენ მას. ყოველ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ რომიკის მიდგომა არ იცვლებოდა – მან საკუთარ თავთან ჰარმონიაში უნდა იცხოვროს და საზოგადოებასთან შეხმატკბილებული თანაარსებობა მის მიზანს არ წარმოადგენს.
«დარწმუნებული ვარ, რომ ჰომოსექსუალების ნაცნობებმა – განსაკუთრებით კი მშობლებმა – კარგად იციან სიმართლე მათი ახლობლის ორიენტაციის შესახებ. ხშირად ისინი ამას მალავენ და ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი „ნორმალურად“ აქვთ – ისე, როგორც სხვებს. მაგრამ ამით ვერაფერს შეცვლი. ასეთი ადამიანები არსებობენ და ისინი არ გაქრებიან – მაშინაც კი, თუკი ისე მოვიქცევით, თითქოს ეს ასე არ არის. არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი ტყუილი გაჩნდება», -ამბობს რომიკი.
ნარეკი
«ბოლო ვიყავი მათ შორის, ვინც მიხვდა, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში. და ეს უსამართლობაა. სკოლაში ბავშვები „ცისფერს“ მეძახდნენ, მე კი არ ვიცოდი, რას ნიშნავს „ცისფერი“. უბრალოდ ვხვდებოდი, რომ მათ არ ვგავარ. არც ერთ მათგანს», – ამბობს ნარეკი.
ცხოვრების პირველი 24 წელი ნარეკმა სრულ მარტოობაში გაატარა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ის საკუთარ თავსა და საკუთარ ბუნებას უარყოფდა. სხვებისთვის მიუღებელი მოვლენის მიღებას გამბედაობა სჭირდება. ბრძოლისა და გაწბილების ეტაპები გამუდმებით ცვლიდა ერთმანეთს, ნარეკის ცხოვრება კი არ იცვლებოდა.
«მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობდი და შემეძლო მემსჯელა და მივმხვდარიყავი, თუ ვინ ვიყავი, ძალიან ბევრი შინაგანი ბარიერი მაწუხებდა და ამ დაბრკოლებების გადალახვა ძალიან მიჭირდა. ჩემს თავს უარვყოფდი და თან არ მინდოდა, ისე მეცხოვრა, როგორც მიღებულია, რადგანაც ვხვდებოდი, რომ ასე მოქცევა საკუთარ თავზე ძალადობას ნიშნავს.
ახლა, როდესაც ის პერიოდი მახსენდება, ჩემი თავი მეცოდება. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სხვებზე გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა გვიწევს იმისათვის, რათა უბრალოდ ვიცხოვროთ, იმისთვის, რათა ოჯახში თუ სამსახურში სხვა ადამიანის როლი ვითამაშოთ და საკუთარი თავი მივიღოდ ისეთებად, როგორებიც ვართ. ან არ მივიღოთ. ეს გამუდმებული დაძაბულობა ძალიან ღლის ადამიანს», – ამბობს ნარეკი.
ნარეკმა თავისი გამორჩეული ბუნება მხოლოდ 24 წლის ასაკში გააცნობიერა, მაგრამ ამას არ შეეგუა. ამ პერიოდში მან ადამიანის შეყვარებაც მოასწრო და მძიმე იმედგაცრუებაც იწვნია.
«აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვუყვარდი, ოჯახი ჰყავდა. ჩვენი ურთიერთობა 8 თვეს გაგრძელდა. ეს იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება იმ ადამიანზე, რომელიც მიყვარდა. მაგრამ სინდისის ქენჯნამ, მის ცოლსა და ოჯახზე დარდმა და იმან, რომ რაღაც არასწორს ვაკეთებდი, თავისი გაიტანა და მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის სიყვარული „უცხო ხილია“ და, მგონი, უკვე შევეჩვიე კიდეც ამ აზრს», – ამბობს ნარეკი.
თავისი გულჩათხრობილობის გამო ნარეკს LGBT თემის სხვა წევრებთან ურთიერთობისა და ახალი ადამიანების გაცნობის საშუალება არ ჰქონდა. იგი მარტო დარჩა თავის პრობლემებთან. გადაწყვიტა, არასდროს ექორწინა, მაგრამ ზოგჯერ მარტოობა სრულიად აუტანელი ხდებოდა.
«მხოლოდ პირად ცხოვრებაზე არ არის საუბარი. მე სრულიად მარტო ვიყავი. ჩემ გარშემო არავინ იყო ჩემნაირი. ვერავის ველაპარაკებოდი. რეალურად ერთ ჰომოსექსუალსაც კი არ ვიცნობდი სომხეთში. ასეთ დროს ცხოვრება ბრძოლის, თავდაცვისა და საკუთარი თავის უარყოფის დაუსრულებელ ჯაჭვს ემსგავსება და უცებ ეგუები ამ ყველაფერს», – ამბობს ნარეკი.
გაწბილების მორიგმა ტალღამ ნარეკი „გაცნობის საიტამდე“ მიიყვანა. იგი საკუთარ თავში არ იყო დარწმუნებული და ამიტომ პირველი ვერ სწერდა იმ „იუზერებს“, რომლებიც მოსწონდა – მათ შორის ვერც რომიკს, რომლის ფოტოც თავიდანვე მოეწონა. ნარეკს ბედნიერი შემთხვევისა და იღბლიანი მომენტის იმედი ჰქონდა.
ახლა, როდესაც აქ ხარ
რომიკმა და ნარეკმა, რომლებიც ბედნიერების პოვნის იმედს არ კარგავდნენ, კიდევ ერთხელ სცადეს, ერთმანეთი ეპოვათ და საბოლოოდ, მათი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ონლაინნაცნობობამ რამდენიმე კვირას გასტანა იმისთვის, რათა რამდენიმე თვის შემდეგ სიყვარულში და ოჯახურ კავშირში გადაზრდილიყო. თუმცა, თავიდან მათ დაბრკოლებები და შიშები ელოდათ:
«ახლა მე ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ ამაში. თუმცა, იმაზე უფრო ფრთხილი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. აღსანიშნავია, რომ ნარეკთან ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობების საწყის ეტაპზე ძალიან მძაფრი დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდი. როდესაც აცნობიერებ, რომ საყვარელი ადამიანის სიცოცხლეც კი შენზეა დამოკიდებული, შენს მოქმედებებს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით გეგმავ.
ჩვენი ურთიერთობების საწყის ეტაპზე დიდხანს ვფიქრობდით ხოლმე იმაზე, თუ სად შეიძლებოდა, მივსულიყავით და გვესადილა ისე, რომ საზოგადოებრივ დისკრიმინაციას ავრიდებოდით. მაგრამ არ ვნანობთ. ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი იმად, რაც დღეს გვაქვს», – ამბობს რომიკი.
სტაბილური ურთიერთობების დამყარების წარუმატებელმა მცდელობებმა, ჩახშულმა ბედნიერებამ და მოულოდნელმა ემოციებმა წყვილი დააშინა. განსაკუთრებით ნარეკი, რომელიც არასდროს ყოფილა ამ თემის წევრი, არასდროს უნახავს „მისნაირები“ და არაფერი სმენია სხვა ჰომოსექსუალების შესახებ.
«პირველად ერთმანეთს ფილმ „მომისმინეს“ ჩვენებაზე შევხვდით. არავის ვიცნობდი, მაგრამ უცებ მესმის ისტორიები, რომლებიც ჩემს ცხოვრებას ჰგავს და ვხედავ პრობლემებს, რომლებიც მე თვითონაც მქონია. არეულ-დარეული, უთავბოლო და გაურკვეველი შეგრძნებები დამეუფლა. ხოლო როდესაც გაირკვა, რომ ფილმის შემდეგ კაფეში უნდა წავსულიყავით, შიში დამეუფლა და გაქცევა მომინდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი, რა მოხდებოდა ამის შემდეგ. ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ იმ დღეს გაქცევა ვერ შევძელი», – ამბობს ნარეკი.
ის გაწბილება, რომელიც ნარეკმა გადაიტანა, უბრალოდ შეეჯახა რომიკის მკაფიო წარმოდგენებს ბედნიერებასა და ოჯახზე. ძალიან მალე ნარეკს რეალობად ექცა ის, რაზეც ადრე არც კი უოცნებია:
«ამჯამად საკუთარ თავს ოჯახის მომავალზე ფიქრის უფლებას ვაძლევ. ბავშვების ყოლაზეც კი დავფიქრდი. ეს ფუფუნებაა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების პირველი ოცდაოთხი წელი ისე განვლიე, რომ ცხოვრებისგან კარგს არაფერს ველოდი. ამას გარდა, რომიკმა პიროვნულად გამაძლიერა. ახლა ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია», – ამბობს ნარეკი.
საკუთარ ნიშნობაზე თავისუფლად, მაგრამ ფრთხილად საუბრობენ. ნარეკის მშობლებმა ჯერ არაფერი იციან ნარეკის ორიენტაციის შესახებ, მაგრამ რომიკის აზრით, სიმართლის გამხელას აზრი არ აქვს:
«სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, თითქოს მე არ მინდა, რომ ნარეკის მშობლებმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ იცოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ მათგან მხარდაჭერას ვერასდროს ვეღირსებით. ამ ნაბიჯთან დაკავშირებული ყველა რისკი გათვალისწინებული მაქვს. მე თვითონ ვუთხარი რომ გეი ვარ. მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ ზეწოლას გავრიდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ, ამ ფაქტს შეგუებოდნენ, მაინც ბევრი უარყოფითი ემოცია გავცვალეთ.
ახლა, როდესაც ნარეკს ეს აზრი გაუჩნდა, მე მას უბრალოდ ვეკითხები, თუ რას შეცლის ეს ნაბიჯი. არაფერს შეცვლის. თუკი მიგვიღებენ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. თუკი არ მიგვიღებენ, მაინც არაფერი შეიცვლება. ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი რთული პერიოდის გადატანა მოუწევს. მიმაჩნია, რომ ამ მომენტისათვის ამას აზრი არ აქვს. გარდა ამისა, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ნარეკის დედამ გულის სიღრმეში ყველაფერი იცის. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მისი ვაჟი 180 გრადუსით შეიცვალა და ეს ტრანსფორმაცია დედამისის თვალწინ მოხდა. მისი ვაჟი ბედნიერია და ამის ვერშემჩნევა შეუძლებელია», – ამბობს რომიკი.
ამჟამად რომიკი და ნარეკი ბავშვებზე ოცნებობენ. რომიკის თქმით, შვილები მათი გამარჯვების ნიშნებად უნდა იქცნენ.
«წარმომიდგენია, როგორ გავა 20 წელი და ჩვენი შვილები ბრძოლის მორიგი ეტაპის სიმბოლოებად იქცევიან. ისინი გამარჯვებას განამტკიცებენ. მინდა, რომ შეეძლოთ, თქვან, დიახ, ჩვენ ჰომოსექსუალების ოჯახში გავიზარდეთ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის რომ წარმატებული, განათლებული და ბედნიერი ადამიანები გავმხდარიყავითო. სომხეთში ყველა თავისი წარმოდგენების სანგრებში ზის და სხვადასხვა მხრიდან ესვრის ერთმანეთს. ასე არაფერი შეიცვლება. მინდა, რომ ჩვენი შვილები ამ ორ სანგარს შორის დადგნენ და თეთრი დროშები აღმართონ», – ამბობს რომიკ დანიალი.