როგორ ცხოვრობენ ტრანსგენდერები საქართველოში " />

“არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”

როგორ ცხოვრობენ ტრანსგენდერები საქართველოში

bianka04 (1)

საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა მიმართ ყველა ფეხის ნაბიჯზე ირღვევა უფლებები: მათ უარს ეუბნებიან სამსახურზე, პრობლემები ექმნებათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ საჯარო დაწესებულებებში; ისინი მუდმივად არიან ფიზიკური ძალადობის, დაცინვისა და ზიზღის ობიექტები.

ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახების მიერ უარყოფილები, საზოგადოებისგან გარიყულები და უსამსახუროდ დარჩენილები, ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და იძულებულნი არიან პროსტიტუციით ირჩინონ თავი. 

ისინი ტრანსგენდერი ადამიანები არიან და აქ მათ ისტორიებს მოგითხრობთ. 

• რისთვის იბრძვიან ქალები? ყველაზე მარტივი კითხვები ფემინიზმზე

• ჰომოფობიასთან ბრძოლისა და ოჯახის სიწმინდის დღე. როგორ აღნიშნეს 17 მაისი თბილისში

• ხალხი გოგონების წინააღმდეგ


• როგორ არ უყვართ ქართველებს გეები და უყვართ პუტინი – უკრაინელი ჟურნალისტების დაკვირვებები თბილისში

თავი 1: ფატიმა

მაკდონალდსის მეორე სართულზე ვზივარ და რესპონდენტს ველოდები. თან ვღელავ, ვფიქრობ როგორ წავა ჩვენი ინტერვიუ.

25 ნოემბერია. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. ქართველი ფემინისტები რუსთაველზე მანიფესტაციას აწყობენ. ფანჯრიდან ვხედავ გოგოს, რომელსაც ხელში ტრანსფარანტი უჭირავს – “შეაჩერე ქალთა კვლა!”

ჩემს მაგიდას სიმპათიური ბიჭი უახლოვდება – ჟღალი წვერით, მოდური ქურთუკით და ჯინსის შარვლით. “მე ფატიმა რომანოვა ვარ,” – მეცნობა ის, – ეს ჩემი შინაგანი პიროვნების სახელი და გვარია”.

ჩვენ ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ კაფეში ვსხედვართ, ყავას ვსვამთ და ვლაპარაკობთ. იქ შეკრებილ უამრავ ადამიანს შორის მხოლოდ მე ვიცი, რომ სინამდვილეში ქალს ვესაუბრები.

ფატიმა ტრანსგენდერი ქალია. თუმცა, სხვა ქალებისგან განსხვავებული – მას მამაკაცის სექციაში ნაყიდი ტანსაცმელი აცვია, წვერს ატარებს და მასკულინურად გამოიყურება. “კონჩიტა ვურსტი ვარ” – ხუმრობს. “იმისთვის, რომ ქალად ვიგრძნო თავი კაბა და პომადა არ მჭირდება. ვერც ეპილაციას და სხვა ქალურ პროცედურებს ვიტან – ეს სხეულზე ძალადობა მგონია”.

თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. 2013 წლის ზაფხულში საკუთარ გენდერულ იდენტობას ფატიმა სწორედ ფემინური ჩაცმულობით გამოეხმაურა. მისი ახალი სტილი მშობლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ის სახლიდან წამოვიდა.

ფატიმას ფემინური ცხოვრება მაშინ დასრულდა, როცა ქუჩაში სასტიკად სცემეს.„შეიძლება იფიქროთ, რომ დღეს მასკულინურად ამ შემთხვევის გამო გამოვუყურები. ცხადია, თავს ასე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ, თუმცა მთავარი მიზეზი სოციუმიდან ნაკარნახევი წესებისადმი დაუმორჩილებლობაა. ვთვლი, რომ ქალს წვერიც შეიძლება ჰქონდეს და იყოს ლამაზი.“

ჩვენ ზიზიზეც ვილაპარაკეთ, ტრანსგენდერ ქალზე, რომელიც 40 დღიანი კომის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ქუჩაში სასტიკად სცემეს. “არასოდეს იცი, სახლიდან რომ გადიხარ, შინ ცოცხალი დაბრუნდები თუ არა,” – ამბობს ფატიმა.

ის ჰყვება, რომ ქალად არასოდეს გადაქცეულა, ქალად დაიბადა. თუმცა, ტრანზიციის ეტაპებს მტკივნეულად გადიოდა. „როცა საზოგადოება გეუბნება: შენ პენისით დაიბადე, ე.ი. კაცი ხარ, შენ კი თავს ქალად გრძნობ, რა თქმა უნდა, შიში გიპყრობს. ფიქრობ, რომ არანორმალური ხარ, ცოდვილი. მოზარდობისას ათასი ფიქრი მოგდის თავში. იქნებ ეკლესიაში წავიდე და ვეზიარო? ან საერთოდ თავი მოვიკლა? გარდატეხის პერიოდში განსაკუთრებით მაღიზიანებდა საკუთარი სხეული, სხვებს კი – მე ვაღიზიანებდი. მქონდა სუიციდის მცდელობა, ასევე სხეულის დამახინჯების. გაუთავებელი კონფლიქტები მეგობრებთან, მშობლებთან. ეს საშინელი წლები იყო,“ – იხსენებს ფატიმა.

დღეს ის ქალთა ორგანიზაციის წევრია. ხშირად ნახავთ ტრანსგენდერთა უფლებების დასაცავ მანიფესტაციებზე. ასევე ერთ-ერთი სამედიცინო ორგანიზაციის სოც.მუშაკია, საღამოობით კი კაფეში მიმტანად მუშაობს. მშობლებთან ურთიერთობაც ასე თუ ისე მოაგვარა და მეგობრებიც ჰყავს.

პასპორტში ისევ ის სახელი აქვს, რომლის ხსენებაც არ სიამოვნებს, თუმცა ოფიციალურად სახელის შეცვლაზე არც უფიქრია. „რა მნიშვნელობა აქვს რა ეწერება საბუთში? პასპორტს მხოლოდ ბანკში და სახელმწიფო სერვისების მისაღებად ვიყენებ. მე ყველასთვის მაინც ფატიმა ვარ. ან ანტოშკა. ანტოშკა ჩემი სოციალური სახელია, რომლითაც ასევე მომმართავენ. მაგრამ სახელი, რომელიც პასპორტში მაქვს, მხოლოდ მაშინ მახსენებს თავს, როცა საბუთები მჭირდება“.

გარდატეხის ასაკში კი სქესის შეცვლაზე ფიქრი აკვიატებად ექცა, თუმცა ახლა უკვე შეეგუა საკუთარ სხეულს და როგორც თავად ამბობს კაცის სხეულში ცხოვრებაც ისწავლა. “ჩემს გენიტალიებს მოზარდობისას სუიციდამდეც კი მივყავდი, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვეგუები. ან, შესაძლოა, ეს შეგუება კი არა, თავდაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პირველ რიგში ხომ მე უნდა მივიღო თავი ისეთად, როგორიც ვარ“ – ამბობს ფატიმა.

თავი 2: ბიანკა

bianka02 (1)

bianka03 (1)

Bianka Shigurova

ამ ფოტოებზე ბიანკა შიგუროვაა, 22 წლის ქართველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც გასული წლის თებერვალში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ბუნებრივი აირით გაგუდვაა. ეს ფოტოები ბიანკას ფოტოგრაფმა ანა გუჯაბიძემ გადაუღო. პირველი ფოტო გადაღებულია ლანჩხუთში, ბიანკას მშობლიურ სოფელში. მეორე ფოტოში ის ბათუმშია - საახალწლო ნაძვისხესთან, მესამე ფოტო კი თბილისშია გადაღებული - იმ ბინის ზღურბლთან, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს.

თავი 3: ეთო, ამანდა და კიდევ ერთი გოგო

საღამოს 10 საათზე ცირკთან [ადგილი თბილისში, სადაც სექს-მუშაკები იკრიბებიან, JAMnews] სამი ტრასნგენდერი ქალი დგას. ეთო, ამანდა და კიდევ ერთი ქალი, რომელიც სახელს არ გვეუბნება. მოკლე კაბები აცვიათ, „აჟურული ჩულქები“, დეკოლტე. „არ გვცივა, გენაცვალე, შენნაირი „ნატურალკები“ კი არ ვართ” – ხუმრობს ეთო და თან აშკარად ეთერ კაკულიას [ქართველი მომღერალი სახასიათო ხმის ტემბრით, JAMnews] პაროდიას აკეთებს.

ამასობაში ტაქსი ჩერდება, მძღოლი თავს ყოფს და იგინება. ეთო ცდილობს პასუხად მანქანას წიხლი მიარტყას, თუმცა მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყდება ადგილს და   ხიდს იქით მიქრის. „ეს ჟურნალია, კინო წინ არის, – ამბობს ეთო – მოდიან ხოლმე ბიჭები, 5-6 კაცი ერთად და გვიწევს თავის დაცვა, წიხლებს გვირტყამენ. მერე, მოგვიანებით, საძმაკაცო რომ დაიშლება, ერთ-ერთი იმათგანი მოდის და გვეუბნება: ბოდიში, გოგოებო, გამიტყდა ძმაკაცებთან, ახლა უკვე მარტო ვარ და გამომყვებით?“

ეთოს ყოველ საღამოს ნახავთ ცირკთან. დღისით მას კაცის ტანსაცმელი აცვია და ერთ-ერთი სასტუმროს ბარში მუშაობს. აი, ამანდას კაცის ფორმაში ვერასდროს ნახავთ. ამბობს, რომ ამის გამო სამსახური დღემდე ვერ იშოვა. მას შემდეგ რაც საკუთარი თავი გაიაზრა ცდილობს „ნატურალკას“ დაემსგავსოს. პარიკზეც უარი თქვა და თმებიც დაიგრძელა. ამანდა სექს-მუშაკია. ბარმენობის პროფესიული კურსები გაიარა, თუმცა „პლეშკაზე“ [გეი/ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი სექს-მუშაკების შეკრების ადგილი] უფრო დიდი დრო აქვს გატარებული, ვიდრე ბარში.

ცირკთან თუ გაივლით, უმეტესობა გეტყვით, რომ აქ დგომა არჩევანის არარსებობაა. ტრანსგენდერი ქალი მხოლოდ აქ იშოვის ფულს საჭმლისთვის, ბინის ქირისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის თუ სხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანებისთვის. “კიდევ თავის მოვლის საშუალებებისთვის მრჩება ცოტა და ეგაა. აბა ოპერაციისთვის საკმარის ფულს აქ ვერ იშოვი,” – ამბობს ამანდა.

ამანდა სამსახურზე ოცნებობს, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, მისთვის ყველა კარი დახურულია. „ისინი ითხოვენ ჩემგან ვიყო ის რაც არ ვარ. ძალადობენ. ფსიქოლოგიურ ძალადობას უკვე მივეჩვიე – მუდმივი შეძახილები ქუჩაში, პანჩურის ამორტყმა, გინება. ხშირად მიწევს პატრულის გამოძახება. ზოგი ფიზიკურადაც ძალადობს. სამსახურზე ოცნება უკვე შევწყვიტე. ბოლოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში მითხრეს უარი, კლიენტებს დავკარგავთო. სახლიდან მამაჩემის გამო წამოვედი, ჰოდა, ბინის ქირას „პლეშკაზე“ ვშოულობ. თუ სექს-პარტნიორს ეძებ აქ მას ყოველთვის იპოვი, მაგრამ თუ ხანგრძლივ, სტაბილურ ურთიერთობაზე ოცნებობ, ტრანსგენდერი ქალისთვის ეს თითქმის შეუძლებელია,” – ამბობს ამანდა.

თავი 4: ბარტი

“ტრასნგენდერების უფლებებზე არაფერი წერია კანონში,” – ამბობს ბარტი, 43 წლის მამაკაცი მოკლე შეჭრილი თმით, ბოხი ხმითა და მოხულიგნო გარეგნობით.

2011 წლის 16 თებერვალს საკუთარ თავს დაბადების დღე სახელის ოფიციალურად შეცვლით მიულოცა – “ბარტ ნიკოლო” ასე უწერია პასპორტში. ორი წელია სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა აქვს. პასპორტში ჩაწერილი ბიოლოგიური სქესი “მდედრობითი” მისთვის დიდი თავისტკივილია, ამის გამო ხშირად  უხერხულ სიტუაციებში ვარდება. ცოტა ხნის წინ ბანკში დიდი აურ-ზაურის მიზეზი გახდა – კონსულტანტი გოგონა გაოგნებული უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცს, რომელსაც პირადობაში ეწერა, რომ ქალია. ამ საბუთში რაღაც შეცდომააო, უმტკიცებდა.

ბარტს თავისუფლების მოედანზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ოფისში შევხდი. ოფისში სტუმრად “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტებიც იყვნენ. ტრანსგენდერების ცხოვრებაზე აკეთებდნენ კვლევას. უამრავი კითხვა დააყარეს.

— როდის აღმოაჩინეთ, რომ ტრანსგენდერი კაცი ხართ? – ჰკითხა ერთ-ერთმა.

— არ ყოფილა არანაირი აღმოჩენა. ყოველთვის ვიცოდი, ვინც ვარ. უბრალოდ ვერ ვარქმევდი სახელს იმას, რისი სახელიც თავადაც არ ვიცოდი, – პასუხობს ბარტი.

ან რა შეიძლება სცოდნოდა საბჭოთა საქართველოს ტრადიციულ ოჯახში გაზრდილ ბავშვს გენდერის შესახებ? „მამაჩემი მე-19 საუკუნეში იყო ჩარჩენილი, ბევრი და-ძმა მყავს, ისინიც კონსერვატიულად აზროვნებდნენ. მაგალითად, ჩემს შვილს ასწავლიდნენ, რომ უიტნი ჰიუსტონი ცუდი ქალია იმიტომ, რომ ნარკომანია.“

ბარტს სამი შვილი ჰყავს. ერთი ბიოლოგიური, რომელიც თავად გააჩინა და ორიც შვილობილი. „როგორ უთხარით შვილებს?“ – ეკითხებიან სტუდენტები ბარტს.

2006 წელს, მაშინ როცა „ინკლუზივი“ ფუნქციონირებდა [იმ დროისთვის ერთადერთი ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში] ბარტმა გადაწყვიტა მისი ბიოლოგიური შვილი ორგანიზაციაში მიეყვანა და საკუთარი იდენტობა გაემხილა.

ეს თამამი და ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო. 14 წლის თიკო ხომ ბაბუასგან ნასწავლი სტერეოტიპებით უყურებდა სამყაროს (ბარტი თითქმის არ იყო სახლში). ბარტს დედად აღიქვამდა და წარმოდგენაც არ ქონდა რას ნიშნავს იყო ტრანსგენდერი.

დღე, როცა თიკოს საკუთარ თავზე უამბო, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში. „სწორედ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს ბევრად უფრო ჯანსაღად შეუძლიათ მიიღონ სიახლე, ვიდრე უფროსებს. თიკომ ბევრი იტირა, მერე ჩამეხუტა და მითხრა რომ ზუსტად ისეთი ვუყვარვარ და ვეყვარები, როგორიც ვარ. მას შემდეგ ის არამხოლდოდ ჩემი შვილი, ჩემი საუკეთესო მეგობარია.“

ბარტი თბილისში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობას ახლა ის ღიმილით იხსენებს. „დედა ადრე მიდიოდა სამსახურში. ტანსაცმელს, რომელიც ბაღში უნდა ჩამეცვა, სკამზე გადაკიდებულს ტოვებდა, ბაღში კი მამას დავყავდი. მამაჩემი დედას ეჩხუბებოდა, რადგან სკამზე სულ შარვალი ხვდებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კაბას შარვლით მე თვითონ ვანაცვლებდი ჩუმად,” –იხსენებს ბარტი.

ეზოში სულ ბიჭებთან თამაშობდა, სკოლის ფორმის ნაცვლად სპორტული შარვალი ეცვა. მაშინ სოციუმის აღმქაში ის მაინც გოგო იყო, რომელსაც მათე-ბიჭს ეძახდნენ. ერთხელ ლექტორს მისი სახელი შეეშალა და ლადოთი მიმართა. არც შეუსწორა, ესიამოვნა. მოზარდობის ასაკში ბარტს საკუთარი სხეული სძულდა. ჯერ ეგონა, რომ ლესბოსელია. გენდერული იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის განსხვავება არც იცოდა.

დღეს უკვე გენდერზე მომუშავე სპეციალისტები თანხმდებიან, რომ გენდერული იდენტობა ადამიანის შინაგანი განცდაა მიაკუთვნოს საკუთარი თავი კონკრეტულ სქესს; სექსუალური ორიენტაცია კი პიროვნების დამოკიდებულებაა სხვების მიმართ და ასახავს კაცების, ქალების, ან ორივეს მიმართ მიმზიდველობას.

ბარტმა ეს ყველაფერი მოგვიანებით გაიგო.

“როცა მაია წყნეთელის მათე-ბიჭად [მაია წყნეთელი -მე-18 საუკუნის ქართველი სახალხო გმირი, რომელმაც კაცის სახელი – მათე დაირქვა, კაცის ტანსაცმელი ჩაიცვა და ერეკლე მეორის კარზე მსახურობდა, JAMnews] გადაქცევის ამბავი წავიკითხე, მივხვდი, რომ თურმე მარტო არ ვყოფილვარ ამ სამყაროში. შემდეგ ერთი ჟურნალი ჩამივარდა ხელში, სადაც ტრანსგენდერებზე სტატია იყო”.

ასე მისხალ-მისხალ სწავლობდა საკუთარ თავს და არქმევდა სახელს საკუთარ იდენტობას. ბარტის მშობლებიც მალე მიხვდნენ, რომ “რაღაც წესრიგში არ იყო”. ოჯახი მის გადაკეთებას დიდხანს ცდილობდა – ხან მამის სამხედრო ქამრით, ხანაც სექსოლოგ ანდრო კანდელაკთან ვიზიტებით. „17 წლის ვიყავი, როცა შეყვარებულთან ერთად სახლიდან გავიპარე. გვიპოვეს, წამიყვანეს ანდრო კანდელაკთან. კაბინეტში რომ შევედი, მაგიდაზე ჩემი დღიური ედო, რომელიც მშობლებს ჩემი ოთახიდან მოუპარიათ. არასოდეს არ დამავიწყდება ეს დღე. მოგვიანებით, უკვე მშობლებიც მიხვდნენ, რომ ვერაფერს შეცვლიდნენ და თავიც დამანებეს.“

სექსოპათოლოგი ანდრო კანდელაკი დღესაც ამ სფეროშია. „ჭეშმარიტი ტრანსექსუალის ცნობას“ გასცემს. ცნობა აუცილებელია მათთვის, ვინც სქესის შეცვლას აპირებს. ცნობა სექსოპათოლოგთან ორწლიანი სიარულის შემდეგ გაიცემა.

ბარტი დღეს სქესის კორექციაზე ნაკლებს ფიქრობს. „17 წლის რომ ვიყო გავიკეთებდი, მაგრამ ახლა უკვე აზრი არ აქვს. თანაც, არ ვარ დარწმუნებული რომ საქართველოში ოპერაციას კარგად გააკეთებენ – ერექციაზე ცუდად არ იმოქმედებს, ან ორგაზმზე.“

მიუხედავად უამრავი სირთულისა, ბარტი ამბობს, რომ ბედნიერი კაცია. ის 17 წლის იყო, როდესაც “სიგიჟემდე შეუყვარდა” ქალი, რომელთანაც უკვე 27 წელია ცხოვრობს.

ბარტი ახლა სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია – პასპორტში სქესის შეცვლას ითხოვს. თუ სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება, რადგან აქამდე საქართველოში საპასპორტო სქესი არავის შეუცვლია.

ამბობს, რომ ტრანსგენდერი ქალებისთვის სამსახურის შოვნა ბევრად უფრო რთულია, რადგან საზოგადოება მათ მიმართ გაცილებით მკაცრია. თუმცა, ბარიერები სამსახურში ბარტსაც ჰქონია. კარიერულ საფეხურზე ვერასდროს წაიწეოდა წინ, ამიტომაც 5 წლიანი მუშაობის შემდეგ პოლიციიდან წამოვიდა.

უკვე რამდენიმე წელია, კეკელიძის ქუჩაზე კომპიუტერების ხელოსნად მუშაობს. პრობლემები ამ სამსახურშიც შეექმნა. მაგალითად, თანამშრომლებმა ტელევიზორში ნახეს 17 მაისის აქციაზე [ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. საქართველოში ამ დღის მიმართ ბევრს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ მისი აღნიშვნა ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა, JAMnews] და შემდეგ “საქმე გაურჩიეს”.

“კეკელიძეზე რამდენიმე ცეხია, ერთ-ერთის ხელოსნები ამიბუნტდნენ, „პედერასტს“ მეძახდნენ და მემუქრებოდნენ, თუ სამსახურიდან არ წავიდოდი, დიდი პრობლემები მექმებოდა მეც და ჩემს თანამშრომლებსაც. ბოლოს საქმეში ვერელი ძველი ბიჭები ჩაერივნენ და ისე მოგვარდა,” – ამბობს ბარტი. თან დასძენს, რომ არ სიამოვნებს, ეს ამბავი 90-იანი წლების სტილში რომ განვითარდა.

— არ შეგეშინდა? – ვეკითხები.

— არც ერთ ვარიანტში, – მპასუხობს, – 2006 წლიდან იქ ვმუშაობ, ეს ჩემი საქმეა, რომელიც მომწონს.  ჩემი თავი თუ არ დავიცავი, ვინღა უნდა დავიცვა?“

* სტატიის ავტორი – ვიკა ბუკია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ