ტრადიციული ” შაბათის მარში” ციხეებში სისტემურ პრობლემებს მიეძღვნა. “შეწყდეს პატიმრების წამება” – ეს იყო 10 ოქტომბრის “შაბათის მარშის” ერთ-ერთი მოთხოვნა. მარშის მონაწილეებს პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები შეუერთდნენ.
,,მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, ვინც არიან მსხვერპლნი სისტემის მხრიდან” – მიმართა გიორგი დავითაძის დამ მარშის მონაწილეებს.
პატიმარი გიორგი დავითაძე რუსთავის №6 პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს მასზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
“შაბათის მარში” საქართველოში უკვე 43-ე შაბათია იმართება. მარში ნაწილია იმ პროტესტისა, რომელიც საქართველოში უწყვეტად, უკვე 682 დღეა მიმდინარეობს.
ძირითადი მოთხოვნები უცვლელია: პროევროპული აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნა.
თითქმის ორი წელია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.